პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკული ბანკებისთვის საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთებზე 10%-იანი ზედა ზღვრის დაწესების ინიციატივა წარადგინა.
პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში 2026 წლის 20 იანვრიდან უნდა შევიდეს და ერთი წლის განმავლობაში, სატესტო რეჟიმში იმოქმედოს. ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალურ ქსელ Truth Social-ის საშუალებით გააჟღერა და აღნიშნა, რომ ამერიკელი ხალხი აღარ უნდა იყო საკრედიტო კომპანიების მსხვერპლი, რომლებიც მომხმარებლებს 20%-დან 30%-მდე, ზოგჯერ კი უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთებს სთავაზობენ საკრედიტო ბარათებზე.
პრეზიდენტის თქმით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას და მოქალაქეების დაცვას ძარცვისგან, რომელსაც უკვე ფედერალური რეზერვი ვეღარ აკონტროლებს.
აღნიშნულმა ინიციატივამ საბანკო სექტორსა და ეკონომიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამერიკის ბანკირთა ასოციაციამ და სხვა ფინანსურმა ინსტიტუტებმა უკვე გამოხატეს შეშფოთება და განაცხადეს, რომ საპროცენტო განაკვეთის მკვეთრმა შემცირებამ, შესაძლოა, საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს და კრედიტებზე ხელმისაწვდომობა მკვეთრად შეამციროს. კერძოდ, ბანკებმა შეიძლება შეზღუდონ კრედიტების გაცემა იმ მომხმარებლებზე, რომლებსაც დაბალი საკრედიტო რეიტინგი აქვთ, რადგან 10%-იანი განაკვეთი ვერ დაფარავს მათთან დაკავშირებულ რისკებს.
ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივამ შეიძლება მილიონობით ამერიკელს საკრედიტო ბარათებზე წვდომა საერთოდ დაუკარგოს. აქ მთავარი რისკი ის არის, რომ ამერიკელები საკრედიტო ბარათებს ყოველდღიურად იყენებენ და ზოგიერთი მათგანი ქირის, საწვავის, მედიკამენტებისა თუ სურსათის ხარჯებს სწორედ კრედიტით ფარავს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონპროექტი, რომელიც საპროცენტო განაკვეთების 10%-ით შეზღუდვას ითვალისწინებდა, მანამდე სენატორებმა ბერნი სანდერსმა და ჯოშ ჰოულიმ წარადგინეს, თუმცა უშედეგოდ.
მიუხედავად პრეზიდენტის სურვილისა, იურიდიულად ასეთი ცვლილების განსახორციელებლად საჭიროა კონგრესის მხარდაჭერა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას აქტიური მოუწევს მუშაობა კანონმდებლებთან, რათა ეს ინიციატივა რეალურ რეგულაციად იქცეს, რაც საკმაოდ რთული იქნება.




























