ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობების შევსებას აგრძელებს. გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე დონალდ ტრამპი საკანონმდებლო ორგანოს ყოფილ რესპუბლიკელი სენატორის, ლი ზელდინის კანდიდატურას წარუდგენს. თუკი სენატი პრეზიდენტის წარდგენილ ადამიანს დაამტკიცებს, გარემოს დაცვის მიმართულებით, ქვეყანაში, სავარაუდოდ, დერეგულაციის პროცესი დაიწყება. დონალდ ტრამპს, ისევე, როგორც მის რჩეულ ზელდინს არაერთხელ უთქვამთ, რომ აშშ-ში არსებული არაერთი კანონი გადასახედია, რაც ქვეყანას ენერგეტიკული წარმოების გაზრდის შესაძლებლობას მისცემს და მსოფლიოს მოწინავე AI-ქვეყნად აქცევს.
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, დატაცენტრების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება რეკორდულად იზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ AI-მოდელებზე მოთხოვნა ფაქტობრივად ყოველდღიურად იზრდება, ხოლო თავად ეს მოდელები უფრო კომპლექსური ხდება, კომპანიებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიას ავითარებენ, უფრო დიდი მონაცემების გადამუშავება და შენახვა უწევთ, რაც, თავის წილ, მსოფლიოში დატაცენტრების რაოდენობას ზრდის. გამომდინარე იქიდან, რომ დატაცენტრების ასამუშავებლად და გასაგრირებლად ბევრი ელექტროენერგია არის საჭირო, ამ რესურსზე მოთხოვნა რეკორდულად იზრდება.
ენერგომოხმარება ცივილიზაციის ტექნოლოგიური განვითარების დონის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ინდიკატორია. კარდაშევის თეორემა გვეუბნება, რომ კაცობრიობის განვითარება შეუძლებელია ენერგომოხმარების ზრდის გარეშე, ხოლო ტექნოლოგიური პროგრესი ენერგიის წყაროების განვითარებას და ეფექტიანობის ზრდას განაპირობებს. ამიტომაცაა, რომ პლანეტის ეკონომიკური განვითარების, ინდუსტრიალიზაციის და გაციფრულების ფონზე, ელექტროენერგიის, ისევე, როგორც ენერგიის სხვა მდგრადი წყაროების მოხმარება სტაბილურად იზრდება.
2022 წლის მონაცემებით, დედამიწამ დაახლოებით 27,000 ტერავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა. ელექტროენერგიის გლობალური მოხმარება სექტორების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
ინდუსტრია: ~33% (~9,000 ტერავატ-საათი)
საცალო: ~24% (~6,500 ტერავატ-საათი)
კომერციული და საჯარო: ~17% (~4,500 ტერავატ-საათი)
ტრანსპორტი: ~4% (~1,000 ტერავატ-საათი)
სხვა: ~20% (~5,400 ტერავატ-საათი)
ელექტროენერგიის ჯამურ მოხმარებასთან ერთად, ბოლო წლებში ელექტროენერგიის მზარდ შემსყიდველებად დატაცენტრები გვევლინებიან. 2022 წელს, მსოფლიოში არსებულმა დატაცენტრებმა ჯამში 415 ტერავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც გლობალური მოხმარების 1.5%-ია. შედარებისთვის გეტყვით, რომ დატაცენტრები მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე გაერთიანებული სამეფო და დაახლოებით იმდენივეს, რამდენსაც საფრანგეთი. თან, ეს 2022 წლის სტატისტიკაა, ანუ 2024 წლის მონაცემები, სადაც OpenAI-ის, ასევე სხვა მოწინავე კომპანიების ენერგომოხმარება იქნება ასახული, გაცილებით შთამბეჭდავი უნდა იყოს. ქლაუდის, სტრიმინგის და AI-ის განვითარებასთან ერთად, ამ მაჩვენებლის რამდენიმეჯერ გაზრდა არის მოსალოდნელი.
თუკი ზემოხსენებულ სექტორებს და ელექტროენერგიის მოხმარების მარტივ ეკონომიკურ მოდელს გავითვალისწინებთ, ლოგიკურად დავასკვნით, რომ ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მსოფლიოს ყველაზე დიდი, უხვმოსახლიანი და განვითარებული სახელმწიფოები მოიხმარენ. 2022 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4,150 ტერავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა და ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ ჩინეთი უსწრებს. Goldman Sachs-ის დათვლებით, მხოლოდ დატაცენტრების მიმართულებით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 2030 წლისთვის 160%-ით გაიზრდება.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკული ელექტროენერგიის 60% ბუნებრივი წიაღისეულით იწარმოება, ხოლო დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელსაც კლიმატის ცვლილების არ სწამს, მომდევნო წლებში, ბუნებრივ წიაღისეულზე, მათ შორის ძლიერ დამაბინძურებელ ქვანახშირზე არსებული მოთხოვნა, სავარაუდოდ, მკვეთრად გაიზრდება. ამ მხრივ, ალტერნატივად რჩება განახლებადი ენერგია, რომლის მთავარ შემსყიდველებს შორის დიდი ტექნოლოგიური კომპანიები არიან. Google-ის და Microsoft-ის მსგავსი კომპანიები ბირთვული ენერგიის განვითარებაზეც ფიქრობენ, მაგრამ მიუხედავად ამ პროცესებისა, ტექნოლოგიური გიგანტების მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის მოცულობა, ბოლო წლებში, AI-ბუმის ფონზე მკვეთრად გაიზარდა.