თავდასხმის შედეგად დონალდ ტრამპის გადარჩენას და საარჩევნო კამპანიის უწყვეტად გაგრძელებას, როგორც ჩანს, ინვესტორები დადებითად შეხვდნენ, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტზე მიტანილი იერიშის შემდეგ, ტრამპის საკუთრებაში არსებული საფონდო ბირჟაზე დალისტული სოციალური ქსელის, Truth Social-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 67%-ით გაიზარდა. ნიუ-იორკში ვაჭრობა ჯერ არ დაწყებულა, ხოლო ეს შედეგი ვაჭრობამდელ გარიგებებს ასახავს. შედეგად
თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ზრდა უკავშირდება არა კომპანიის ფუნდამენტური შედეგების გაუმჯობესებას არამედ ინვესტორების მოლოდინებს. თავად ეს კომპანია, როგორც ცნობილია, ფინანსურად გაუმართავია და 2024 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ $770,500-ის შემოსავალი მიიღო და $327.6 მილიონის წაგება დააფიქსირა. კომპანიის არადამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგები განპირობებულია, როგორც Truth Social-ის ფინანსური გაუმართაობით, ასევე თავად ამ აქციის ბუნებით. Truth Social-ს და შესაბამისად Trump Media & Technology Group-ს, რომლის სახელითაც ივაჭრება ეს კომპანია საფონდო ბირჟაზე ე.წ. “მიმი აქციის” სტატუსი აქვს, რადგან ნიშნავს, რომ მისი ვოლატილობა - ძალიან მაღალია, ფუნდამენტური რეპუტაცია კი, არც ისე. ასეთი ტიპის აქციებს კიდევ ერთი თავისებურება გამოარჩევს - ისინი განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტების მიმართ, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიმართულებით.
რატომ შექმნა დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელი?
2021 წელს უნდა დავბრუნდეთ, როცა დონალდ ტრამპის მიერ სოციალური მედიის საშუალებით მხარდაჭერილი რადიკალი რესპუბლიკელების ნაწილი კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა. მას შემდეგ, Facebook-მა, Twitter-მა და YouTube-მა დონალდ ტრამპს ანგარიშები დაუბლოკეს, ანუ ადამიანი, რომელიც პრეზიდენტად, სწორედ სოციალური მედიის დამსახურებით აირჩიეს, ინფორმაციის გავრცელების მთავარი წყაროს გარეშე დარჩა. საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა საკუთარი სოციალური ქსელის შექმნა გადაწყვიტა, რომლის მიზანი "ტექნოლოგიური გიგანტების ტირანიის” დასრულება და სიმართლის დაუფარავად გაჟღერება უნდა ყოფილიყო. თუმცა მოხდა ისე, რომ სოციალურმა ქსელებმა ყოფილი პრეზიდენტის ანგარიშები აღადგინეს, ანუ ტრამპის პლატფორმამ, გარკვეულწილად, აზრი დაკარგა და მისი მხარდამჭერების ციფრული შეკრების ადგილად იქცა.