IT აკადემია STEP-ის დამფუძნებლისა და დირექტორის, მაკა მახათაძის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ქართულ ბიზნესში უკვე აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა კომპანიების ნაწილს ჯერ კიდევ არ აქვს მკაფიო ხედვა, როგორ გამოიყენონ AI პროცესების ავტომატიზაციისა და თანამშრომლების ეფექტიანობის გასაზრდელად.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა, სადაც ბიზნესისთვის ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და თანამშრომლების გადამზადების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მისი თქმით, ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა არ დატოვონ სამუშაო ძალა სისტემის მიღმა. მაკა მახათაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ათვისების ტემპი საკმაოდ მაღალია და მომხმარებლების თითქმის 90% იყენებს მას, თუმცა ხშირად არასწორი აღქმა არსებობს მისი ფუნქციონალის შესახებ.
"ხშირად, სამწუხაროდ, ადამიანები ფიქრობენ, რომ AI გამოიყენონ როგორც გუგლის საძიებო სისტემა და რეალურად AI ეს არ არის. მას გაცილებით მეტი ფუნქციონალი აქვს და მეტი შესაძლებლობები და სხვათა შორის დღეს უკვე ჩამოყალიბდა 7 საფეხური AI-ის მომხმარებლების", - განმარტა მან.
მახათაძემ ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო ტენდენციებს და აღნიშნა, რომ ევროპაში რეგულაციების გამო ტექნოლოგია მეტწილად ინდუსტრიულ ჭრილში რჩება, აშშ-ში კი კომპანიები მას ცენტრალიზებულად ნერგავენ. ის დასძენს, რომ საქართველოში ეს პროცესი უკვე ტრენდად იქცა, თუმცა ბიზნესს ხშირად უჭირს იმის განსაზღვრა, თუ რომელი პროცესები უნდა დაექვემდებაროს ავტომატიზაციას.
STEP-ის დირექტორის თქმით, ბიზნესმა აქცენტი არსებული რესურსის ტრანსფორმაციაზე უნდა გააკეთოს, რადგან იმ თანამშრომლების გათავისუფლება, რომელთა საქმესაც AI ჩაანაცვლებს, კომპანიისთვის წაგებიანია. მისი განმარტებით, კომპანიებისთვის გაცილებით უფრო მოგებიანია ამ ადამიანებისთვის ახალი კომპეტენციების შესწავლა, ვიდრე მათი სამსახურიდან გაშვება: "ბიზნესისთვის უფრო მოგებიანია თანამშრომლის გადამზადება, ვიდრე ახალი კადრის მოძიება... გარეთაც ვერ იპოვიან ახალი უნარების მქონე ადამიანებს და მათი Onboarding და ინტეგრაცია კომპანიაში ორჯერ უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე ძველი თანამშრომლების გადამზადება", - აცხადებს მახათაძე.
მაკა მახათაძე მიიჩნევს, რომ კომპანიების მხრიდან AI-ის გამოყენების აკრძალვა შეცდომაა, თუმცა, მეორე მხრივ, ის ახალ საფრთხეზეც ამახვილებს ყურადღებას.
"დიდი რისკის ქვეშ ვართ, რომ ძალიან მალე გადავიწვათ და აქ ყურადსაღებია ის, რომ ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ რაღაც შუალედური ბალანსის დაცვა და ჩვენი გონებრივი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე მუშაობა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი გამოწვევა კაცობრიობისთვის დღეს", - აღნიშნა მან.
დასკვნის სახით, მახათაძემ მოუწოდა ბიზნეს ლიდერებს, დაფიქრდნენ AI თანამშრომლების ან ციფრული ორეულების შექმნაზე, რაც მკვეთრად გაზრდის ეფექტურობას და თანამშრომლებს უფრო მეტი მნიშვნელოვანი საქმის კეთების შესაძლებლობას მისცემს.




























