მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Trump Media-ს დირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს

ნუნესი

კომპანია Trump Media & Technology-მ, რომელიც სოციალურ ქსელ Truth Social-ს ფლობს, აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან ყოფილი კონგრესმენი დევინ ნუნესი გადააყენა.

გადაწყვეტილება აქციების ფასის 67%-იან ვარდნას მოჰყვა, რამაც ინვესტორებს $6 მილიარდზე მეტის ზარალი მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პლატფორმას აქტიურად იყენებს პოლიტიკური განცხადებებისთვის, Truth Social-მა ფართო აუდიტორიის მოზიდვა ვერ შეძლო. საჯარო კომპანიად გახდომიდან ორი წლის განმავლობაში Trump Media-მ $1.1 მილიარდზე მეტი დაკარგა. ფინანსური სირთულეების ფონზე, კომპანია საქმიანობის დივერსიფიკაციას კრიპტოვალუტებისა და საპროგნოზო ბაზრების მიმართულებით გეგმავს.

ნუნესს დროებით ციფრული მედიის გამოცდილი მენეჯერი, კევინ მაკგერნი შეცვლის, თუმცა კომპანიას უახლოეს მომავალში სრული რესტრუქტურიზაციის გამოცხადება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ მაკგერნი, რომელსაც NBC Universal-სა და Hulu-ში მუშაობის გამოცდილება აქვს, პარალელურად ხელმძღვანელობს ტრამპის შვილების მიერ შექმნილ კომპანიას, რომელიც ამერიკული საწარმოების შესყიდვაზეა ორიენტირებული.

კომპანიის ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, Truth Social-ი სოციალური მედიის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ბრენდად რჩება და განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.

შეგახსენებთ, რომ Trump Media & Technology თავდაპირველად სოციალური მედიის გიგანტების, Facebook-ისა და Twitter-ის ალტერნატივად შეიქმნა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების გამო დონალდ ტრამპს აღნიშნულ პლატფორმებზე წვდომა შეეზღუდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები