ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" დირექტორის მარიამ ჯორჯაძის განცხადებით, იმ ანტიდასავლური კანონების გამო, რომელსაც „ქართული ოცნება“ იღებს, "ელკანა“ ვერ იქნება ისეთი აქტიური, როგორიც „რუსულ კანონამდე“ იყო.
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ 1993 წელს დაფუძნებული ფერმერთა გაერთიანებაა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას (მდგრადი) ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით.
"ელკანა“ ერთ-ერთია იმ ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელთაც უარი თქვეს ე.წ. რუსული კანონის რეესტრში თავისი ნებით რეგისტრაციაზე და არც არასამთავრობოების დასაფინანსებლად შექმნილი სამთავრობო გრანტით სარგებლობას აპირებს.
ამასთან, როგორც როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას მარიამ ჯორჯაძემ განაცხადა, „გრანტების შესახებ კანონში“ შესული ცვლილებები, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნების“ მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტების გაცემა აკრძალულია, დონორებთან ურთიერთობას და ახალ საგრანტო პროექტებზე მუშაობას ართულებს.
- დონორები გვეკითხებიან - რა გვევალება, როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ... ჯერჯერობით, არაფერია მკაფიო და სრულიად გაურკვევლობაში ვართ. ერთ-ერთ საერთაშორისო ფონდში საგრანტო წინადადება გვაქვს გაგზავნილი, მაგრამ დონორიც გაჩერებულია. ასევე, გარკვეული პროექტები დაგვისრულდა და მართალია, დონორებისგან გაგრძელების სურვილი იყო, მაგრამ ახლა ყველა მოლოდინის რეჟიმშია და როგორ განვითარდება პროცესები, არ ვიცი.
- „ცვლილებები მესმის, როგორც ყულფის უფრო მაგრად მოჭერა“ - რამდენიმე თვის წინ ასე შეაფასეთ „გრანტების შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც უკვე ძალაშია. როგორ ფიქრობთ, რატომ ერჩის მმართველი პარტია NGO სექტორს - რას აშავებთ?
- ეტყობა, თავისუფალი აზრი არ უნდა გქონდეს და ეტყობა, კრიტიკა არ შეიძლება იმ მთავრობის, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის საქართველოს მომავალს. ასეთი [პერიოდი] უკვე გვქონდა - ისტორიის გაკვეთილი გავლილი გვაქვს და ჩემთვის დღეს ცოცხლდება ისტორიის მაგალითები, რაზედაც ბებია და მამა მიყვებოდა ბავშვობაში...
- „ელკანას“ “ქართული FARA” შეეხება?
- FARA არ გვეხება, რადგან კანონში გაკვრით წერია, რომ სოფლის მეურნეობაზე არ ვრცელდება, მაგრამ დოკუმენტი ისეა შედგენილი, რომ თუ მოინდომებენ, შეიძლება მეც შემეხოს და ჩემს თანამშრომლებსც - ესაა ყველაზე მძიმე დ საშინელი. ასეთი კანონებით ცდილობენ საზოგადოებაში შიში დანერგოს. ასეთი შიში დანერგილი იყო 1937 წელს... მაშინდელ ფოტოებს თუ ნახავთ, ბევრგან წაშლილი სახეებია - ისინი რეპრესირებულები იყვნენ და ყველას ეშინოდა, რადგან რეპრესირებულ ოჯახის წევრთანაც არ უნდა გქონოდა კავშირი. ისეთ კანონებს იღებენ, რაც თანამედროვე მსოფლიოში სრულიად მიუღებელია.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- უსამართლობას.




























