სასტუმროების მენეჯმენტკომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაია წერეთელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში" იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც საქართველოში დონორების თანხები ქმნის, რომლებსაც რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, უცხო ქვეყნის გავლენა დაერქმევა.
წერეთელი ამბობს, რომ როცა სასწორზე ვდებთ რაღაც შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის, რთულია მათ აუხსნა, რატომ არ უნდა მიიღონ დახმარება, როცა სხვა შეთავაზება არ აქვთ.
"შემიძლია გითხრათ, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, ან ეკონომიკური განვითარების პროგრამამ იმდენად დიდი დახმარება შემოიტანა საქართველოში ტრენინგების განვითარების კუთხით, რომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს იმ მიმართულებაზე, ჩვენ რას ვთავაზობთ ახალს ახალგაზრდებს, რომლებსაც ახლა აქვთ შანსი მიიღონ კარგი განათლება. გვაქვს ჩვენ ალტერნატიული განათლების წყაროები, როცა ვამბობთ, რომ არსებული არ გვინდა? მე, არ ვამბობ, რომ კარგია რომ არსებული დონორები არ იყვნენ, პირიქით. მე ვამბობ რომ მათ ლომის წვლილი აქვთ საქართველოს ტურიზმის სფეროს განვითარებაში შეტანილი.
შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ უამრავი კარგი პროექტი, რაც აშშ-ს განვითარების სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს და ა.შ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, არამედ რეგიონებში, სადაც ჩვენ, არავითარი ალტერნატიული პროექტი არ გაგვაჩნია. როცა სასწორზე ვდებთ რაღაც შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის, რთულია მათ აუხსნა, რატომ არ უნდა მიიღონ დახმარება,როცა სხვა შეთავაზება არ აქვთ. რატომ რჩებიან წინსვლის და განვითარების შანსების გარეშე. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ბევრი სამუშაოა ამ მიმართულებით", - განაცხადა წერეთელმა წერტილში.