მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DRG ლატვიის მოდელით - მთავრობას კლინიკები დაფინანსების ახალ სისტემაზე გადაჰყავს

634d6e3af0913
ელენე გოგბერაშვილი
18.10.22 10:35
1435
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების სისტემას ცვლის. DRG-ის, იგივე მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების ახალი მოდელი და მისი ამოქმედების ვადები ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებს შემაჯამებელ შეხვედრაზე დღეს წარუდგინა.

მართალია ჯანდაცვის მინისტრმა ორი კვირის წინ თქვა, რომ კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლა კლინიკებისთვისვე თხოვნით გადაიდო, თუმცა ფაქტია აზარაშვილის უწყება კვლავ პირვანდელ პოზიციაზე რჩება. დაახლოებით 2 კვირაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ყველა კლინიკა დაფინანსების ახალ სისტემაში ჩაერთვება.

თუ აქამდე სახელმწიფო კლინიკას კონკრეტულ შემთხვევაზე წლების წინ დადგენილი ტარიფების მიხედვით უხდიდა ანაზღაურებას, 1 ნოემბრიდან პაციენტისთვის გაწეული მომსახურება დიაგნოზის მიხედვით ანაზღაურდება.

DRG-ის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დიაგნოზით მსგავსი სტაციონალური შემთხვევების ტიპების კლასიფიკაცია ჯგუფებად ხდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურები განმარტავენ, დაფინანსების ასეთი მოდელის მიხედვით ჯამში 608 DRG ჯგუფი და 26 დიაგნოსტიკური კატეგორია შეირჩა. თითოეული დიაგნოზისთვის DRG-ის ფასი ორი კომპონენტისგან შედგება. ესაა საბაზისო ტარიფი და ღირებულებითი წონა.

„საბაზისო ტარიფის გამოთვლა ხდება ქვეყანაში მომგებიანი კლინიკების ბაზაზე დაფიქსირებული შემთხვევების ღირებულების ჯამით. რაც დაჯდა ეს შემთხვევა, იყოფა ამ შემთხვევების რაოდენობაზე და მიიღება ერთი შემთხვევის საბაზისო საშუალო ღირებულება. გავითვალისწინეთ ასევე ინფლაციის ინდექსაციის მაჩვენებელი და მივიღეთ საბაზისო ტარიფი, რაც განისაზღვრება 1933 ლარით.



გარდა ამისა განისაზღვრება ღირებულებითი წონები, რომელიც ცალკეული DRG კოდისთვის განსხვავებულია და ადარებს ერთ DRG კოდს მეორეს ანუ რამდენად ძვირს იხდიან ერთი კოდის მეორესთან შედარებით.

ამ საბაზისო ტარიფის და ღირებულებითი წონის გადამრავლებით მიიღება DRG კოდის ფასი, რაც არის ნებისმიერი შემთხვევის ღირებულება, რომელიც მოხვდება DRG კოდში“, - განმარტავს ეკა ადამია, ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის მოვალეობის შემსრულებელი.

DRG-ის მოდელი, რომელსაც საქართველო ნერგავს, ძირითადად ლატვიის მოდელს ეყრდნობა. რატომ ლატვია, ამაზე სამინისტრო განმარტავს, რომ იქ ეს სისტემა 2014 წლიდან მუშაობს და ლატვიის ღირებულებითი წონები, რომელიც DRG-ის კოდის ფასის გამოთვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია, ქართულ რეალობასთან ყველაზე ახლოს იყო.



შემაჯამებელ პრეზენტაციამდე სამედიცინო დაწესებულებებს სამინისტროს მიერ შემუშავებული დაფინანსების მოდელის დოკუმენტურად გაცნობის საშუალება არ ჰქონდათ, შესაბამისად მათ ძირითადად ამ ეტაპზე ტექნიკური ხასიათის კითხვები აქვთ. DRG-ის სისტემაზე გადასვლას კერძო სექტორის სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა როგორც კლინიკები ამბობენ, ახლა მნიშვნელოვანია ცვლილებები პრაქტიკაში როგორ იმუშავებს.

„მისასალმებელია DRG დაფინანსების მოდელზე გადასვლა, მითუმეტეს მაშინ, როცა ახლანდელ პირობებში ძალიან არაადეკვატურია დაფინანსება. DRG ზოგადად ითვალისწინებს სამართლიანი დაფინანსების მოდელს მთელ მსოფლიოში, სადაც ეს მოქმედებს...

კარგია, რომ 2 თვე იქნება სატესტო რეჟიმში და არ მოხდება დაჯარიმება და ადაპტირების საშუალება ექნებათ კლინიკებს, რომ გაიგონ დაჯგუფება როგორ ხდება და ა.შ ამ ორი თვის მანძილზე გამოჩნდება, რამდენად სამართლიანი დაფინანსების მოდელია.

კლინიკების მზაობა არის და ყველა მიესალმება სწორ DRG სისტემას. კარგი იქნებოდა დაწერილი დოკუმენტის სახით გვცოდნოდა და გვენახა იგივე კოდების დაჯგუფება როგორ ხდება, მაგრამ იმედია ეს ორი თვე მოგვცემს იმის საშუალებას, გავიგოთ რა არის DRG“, - ამბობს ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო კიკნაძე.

როგორც პრეზენტაციიდან გახდა ცნობილი, პირველ ეტაპზე DRG-ის, რიგ სამედიცინო მომსახურებაზე არ გავრცელდება, ასეთია: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა, გულის თანდაყოლილი მანკის მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთა,ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია, კომბუსტიოლოგია, თრომბოიზისი და თრომბექტომია ინსულტის შემთხვევაში.

ხაზგასასმელია ისიც, რომ DRG მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებულ გარკვეულ კომპონენტებზე ვრცელდება და ის არ ეხება კერძო სადაზღვევო კომპანიებს და იქ დაზღვეულ მოქალაქეებს.

DRG 1 ნოემბრიდან შევა ძალაში, თუმცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე კლინიკებს 2023 წლის 1 იანვრამდე საშეღავათო პერიოდი მიეცემათ. პროექტი სრულყოფილად საჯარიმო სანქციების ჩათვლით 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები