არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ეჭვს გამოთქვამს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოიყენება.
DRI-ის ცნობით, მათი საკონტაქტო პირების ინფორმაციით, გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში სამეგრელოს მიმართულებით და უკან, რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა.
" "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" საკონტაქტო პირების ინფორმაციით, გასულ კვირას გალის რეგიონში ენგურს გაღმა საქართველოს მიმართულებით და უკან, რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა. მანქანების ნაწილს ენგურის ხიდამდე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის (ე.წ. გაის) მანქანები აცილებდნენ. გარდა ამისა, სატვირთო მანქანები ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოსკოვის დროით საღამოს 7 საათის შემდეგ კვეთდნენ, მას შემდეგ, რაც რუსული და აფხაზური მხარის მიერ მოძრაობა ყველა სხვა მოსარგებლისთვის, უპირველეს ყოვლისა, გალის რეგიონის მცხოვრებლების აკრძალულია. აფხაზეთის დე ფაქტო და რუსეთის უშიშროების სამსახურები ადგილობრივ მცხოვრებლებს ჩხრეკენ იმის გამოსარიცხად, რომ მათ ამ სატვირთო მანქანების მოძრაობა ფოტო და ვიდეო მასალაზე არ აღებეჭდათ", - აღნიშნულია განცხადებაში.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ დავით ხიდაშელსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ვოლსკის შორის გამართულ შეხვედრაზე
"საუბრის დეტალების ქართულ მედიაში გახმაურებამ, კიდევ ერთხელ წამოსწია საკითხი თუ რა მიზნებს ემსახურება საქართველოს ხელისუფლების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთიდან თუ რუსეთის მიმართულებით ტვირთის მოძრაობაზე თვალის დახუჭვა", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებს.
"ჯერ ერთი, ეს არის კლასიკური დეზინფორმაცია. მეორე, ეს არის თავდასხმა ქართული სახელმწიფოს ინტერესებზე. როცა ამას აკეთებს კონკრეტული NGO, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, ეს არის, ასე თუ ისე, ქართული NGO. იმედი მაქვს, რომ ამ NGO-ს დონორები სათანადო პოზიციას გამოხატავენ ამ დეზინფორმაციაზე, რომელიც ვრცელდება უცხოური დაფინანსების მიერ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.