“დრო მოვიდა, ქართულმა კომპანიებმა რეგიონში დაიწყონ გასვლა”, - ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” დირექტორმა ოთარ შარიქაძემ BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ქართული კომპანიების უცხოეთის ბაზრებზე გასვლა უკვე შეინიშნება, რაც კარგია.
"ეს უკვე ჩანს. არამხოლოდ თიბისი, არამედ სხვა ქართული კომპანიებიცაა, რომლებიც არამხოლოდ უზბეკეთში, არამედ სომხეთში, აზერბაიჯანში ფართოვდება”, - აღნიშნა ოთარ შარიქაძემ.
მისივე თქმით, კაპიტალის ბაზარმა საქართველოში უკვე მიაღწია იმ მასშტაბს, რომ რეგიონში გასვლა ბუნებრივი იყო და უზბეკეთის ბაზარზეც გავიდა.
“5-10 წლის წინ, როდესაც ამ სფეროში ჩვენ ვიწყებდით მუშაობას, ეს წარმოუდგენელი იყო. ჩვენ მაშინ ვერ წარმოგვედგინა, რომ კაპიტალის ბაზარი მიაღწევდა ამ მასშტაბს. მაგალითად, შარშან თიბისი კაპიტალმა თავის კლიენტებს გამოაშვებინა 800 მლნ დოლარის ოდენობის ობლიგაციები. 2013-2014 წლებში კი საუბარი იყო მხოლოდ 1-2 ობლიგაციაზე. ისიც არავის რეალურად არ ესმოდა, რას ნიშნავდა კაპიტალის ბაზარი. საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ამ კუთხით თიბისი კაპიტალისა და მსგავსი ორგანიზაციების დახმარებით”, - განაცხადა “თიბისი კაპიტალის” დირექტორმა.
მისივე თქმით, კაპიტალის ბაზრის ზრდის ტემპი ქვეყანაში უკვე ნელდება, ვინაიდან “უკვე იმ მასშტაბზე გავედით, რომ ყოველ წელს მსგავსი მოცულობის გამოშვება, ალბათ გართულდება. ეს ბუნებრივია. შესაბამისად უკვე აუცილებელია და საშუალებაც გვაქვს, რომ რეგიონშიც გავიხედოთ, მათ შორის უზბეკეთში თუ სხვა ქვეყნებში, სადაც შეგვიძლია ჩვენი ძალები გავტესტოთ. მგონია, რომ უკვე იმ დონეზე ვართ, რომ შეგვიძლია არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც წარმატებით ვიოპერიროთ და იქაც დავიკავოთ ლიდერი პოზიციები”, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ.