"თიბისი კაპიტალის" ორგანიზებით, 24 მარტს კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ "ბიზნესის კვირეულის" ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წინა წლებში ჩატარებული წარმატებული ღონისძიების ფონზე, დაინტერესება საკმაოდ მაღალია.
"შარშან ჩვენ ჩართულები ვიყავით კერძო და საჯარო ემისიების მილიარდ 700 მილიონი ლარის ემისიაში საქართველოში, რაც საკმაოდ დიდი მოცულობაა, რაც გადაითარგმნება დაახლოებით 53-54%-იან ბაზრის წილში. ამ გამოცდილებას რომ ვეხებით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ბაზარიც უნდა განვითარდეს, ბაზარზე ინვესტორებიც უნდა განვითარდნენ და ასევე ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ჩვენც პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ამ კუთხით, რომ ბაზრის განვითარებაში ჩავდოთ ძალიან დიდი ძალისხმევა და ჩვენ საკმაოდ დიდ ღონისძიებას ვაპირებთ წელსაც, რომელიც 24 მარტს ჩატარდება. ეს არის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის ღონისძიება, სადაც მოწვეული იქნებიან ძალიან ცნობილი სახელები, როგორიც არის: J.P. Morgan, Morgan Stanley, Oppenheimer, Citi, Fidelity. ანუ რეალურად ეს იქნება ადგილი, სადაც თავს მოიყრიან როგორც საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, მეორეს მხრივ საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები და რეგიონალური, არა მხოლოდ ქართული - ხაზი მინდა გავუსვა, ემიტენტები ან პოტენციური ემიტენტები. მიზანი გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველო აღარ იყოს უკვე ადგილი, სადაც ვსაუბრობთ მხოლოდ ქართულ კაპიტალის ბაზარზე, არამედ უკვე გავაფართოოთ და საქართველო გახდეს რუკაზე, როგორც ერთ-ერთი წერტილი, სადაც ეს ხალხი იკრიბება და განვიხილავთ არა მხოლოდ ჩვენს რეგიონს, არამედ გლობალურ მასშტაბზე რა ხდება. ეს ღონისძიება პირველად ჩვენ ორი წლის წინ ჩავატარეთ, 2024 წელს, როდესაც მოვიწვიეთ ეს საინვესტიციო ბანკები და დღეს ვხედავთ, რომ აი იმ ღონისძიების წარმატებიდან გამომდინარე, ისინი უფრო გაფართოებული დელეგაციით აპირებენ ჩამოსვლას და უფრო მეტიც, მოთხოვნილება აქვთ, რომ უფრო მეტად მიიღონ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ამიტომ გვეყოლება ძალიან საინტერესო სპიკერები, რომლებიც დაფარავენ ძალიან ფართო სპექტრს ამ თემის და მგონია, რომ ეს ღონისძიება ყოველწლიურად გახდება ერთ-ერთი წერტილი რუკაზე, სადაც ყოველ წელს შეიკრიბებიან ეს საინვესტიციო ბანკები, როგორც იცით ინვესტორები და ემიტენტები",- ამბობს ოთარ შარიქაძე.




























