საუდის არაბეთის პოლიციამ ავტოპარკი ელექტრო Lucid Air-ით განაახლა. პირველი ელექტრო პოლიციის მანქანა გასულ კვირას ერ-რიადში თავდაცვის მსოფლიო გამოფენაზე წარადგინეს. Lucid Air-ის პოლიციის მოდიფიკაცია შავ-თეთრ ფერებშია და სახურავზე დრონის ასაფრენ-დასაფრენი პლატფორმა აქვს დამონტაჟებული. დრონის პლატფორმა ავტომატურად იხსნება, რის შემდეგაც მოწყობილობა მზადაა საფრენად.
მომდევნო 10 წლის განმავლობაში Lucid-ი ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს 100 000 მანქანას მიაწვდის.
ამერიკული კომპანიის და საუდის არაბეთის თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო, როდესაც ხელი მოეწერა შეთანხმებას საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან ელექტრო ავტომობილების მიწოდების თაობაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ Lucid-ის აქციების 62% ეკუთვნის საუდის არაბეთის საჯარო ფონდს (PIF), რომელმაც კომპანიაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ადგილობრივი ხელისუფლება Lucid-ის დახმარებით აპირებს საუდის არაბეთი ელექტრომობილების წარმოების ცენტრად აქციოს და 2023 წლისთვის წარმოების მოცულობა წლიურად ნახევარ მილიონ ერთეულამდე გაზარდოს.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე პერიოდში Lucid Air-ის ოთხი ვერსიაა წარმოებაში.
ყველაზე ხელმისაწვდომი არის ერთამძრავიანი Pure ვერსია, 436 ცხენის ძალის ელექტროძრავით უკანა ღერძზე და ბატარეით 88 კილოვატ/სთ სიმძლავრით. მანძილის დიაპაზონი 660 კილომეტრს შეადგენს, მისი ფასი კი $77,4 ათასი დოლარია.