საქართველოში ელექტრომობილების ბაზრისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ფონზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში წლის ყველაზე მასშტაბური სპეციალიზებული ღონისძიება — „EV EXPO 2026“ გაიმართა. სამომხმარებლო ინტერესისა და ბაზრის მოთხოვნის ზრდის გამო, პროექტი წელს ახალი, ორდღიანი ფორმატით წარდგა და ათასობით ვიზიტორს, დარგის ექსპერტებსა და იმპორტიორებს უმასპინძლა. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პლატფორმის ორგანიზატორი ინდუსტრიული პორტალი EVNEWS.GE იყო.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ მსუბუქი ელექტრო ავტომობილები, არამედ ორბორბლიანი და წყლის ტრანსპორტი, ასევე მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და დამტენი სადგურების ქსელები. ღონისძიების მნიშვნელობასა და ქვეყანაში ელექტრომობილობის განვითარების დინამიკაზე საუბრობს EVNEWS-ის პროექტის მთავარი მენეჯერი სალომე ურდულაშვილი:
„გამოფენა მეორედ იმართება და მასშტაბი ყოველწლიურად მზარდია. 2026 წელს 15-მდე კომპანიას და 4 პარტნიორს ვმასპინძლობთ და გვიხარია, რომ დამთვალიერებლების და ბიზნესის ინტერესი მზარდია"
გამოფენის მასშტაბებზე, სექტორულ პარტნიორობასა და საზოგადოებრივ ჩართულობაზე ყურადღებას ამახვილებს EVEXPO-ს ორგანიზატორი გიორგი ამაშუკელი:
„ვფიქრობთ, რომ ქალაქის და ზოგადად ქვეყნის ეკოლოგიისთვის არის მნიშვნელოვანი ისე ყველაფერი რაც აქ კეთდება და მე ვფიქრობ, რომ ცნობიერების ამაღლების და საგანმანათლებლო კუთხით EVEXPO განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. ადამიანები მოდიან აქ და ხვდებიან, რომ გაცილებით უფრო ეკონომიკურად და ეკოლოგიურად ცხოვრება შესაძლებელია."
ღონისძიების კომერციულ ეფექტურობასა და პრაქტიკულ კომპონენტს მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს სპეციალურად მოწყობილი ტესტდრაივის ზონა. აღნიშნულ სივრცეში პოტენციურ მყიდველებს საშუალება ჰქონდათ რეალურ პირობებში გამოეცადათ წარმოდგენილი მოდელების დინამიკა, მართვის კომფორტი და უსაფრთხოების სისტემები, რაც ხელს უწყობს მომხმარებლის მხრიდან ეკო-ტრანსპორტზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესს.




























