მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

BMGAUTO

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა"

საწვავის გაძვირების გამო, ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები იზრდება

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები პირველ კვარტალში 29.4%-ით გაიზარდა, რასაც ირანში ომით გამოწვეულმა სანავთობო კრიზისმა და საწვავის გაძვირებამ შეუწყო ხელი. მხოლოდ მარტში რეგისტრაციებმა 240,000-ს გადააჭარბა, რაც 51%-იანი ნახტომია. რეგიონის ხუთ უმსხვილეს ბაზარზე მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა, ხოლო ყოველი მეხუთე გაყიდული ავტომობილი ელექტროძრავაზეა. ექსპერტების პროგნოზით, აღნიშნული ტენდენცია ევროპის ენერგოუსაფრთხოებას გააძლიერებს და ნავთობის მოხმარებას წლიურად 2 მილიონი ბარელით შეამცირებს, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს რეგიონის დამოკიდებულებას იმპორტირებულ ენერგორესურსებზე.

რომელი ევროპული ქვეყნები სთავაზობენ ელექტრომობილების მყიდველებს ყველაზე დიდ მხარდაჭერას?

გაყიდვების ზრდის ტემპის დაჩქარებამ ბაზარზე ელექტრომობილების წილის ზრდაც გამოიწვია და მან 2026 წლის ამ პერიოდისთვის 18.8%-ი შეადგინა. ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა (ლატვიის გარდა) წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შესამცირებლად სუბსიდიებსა და საგადასახადო შეღავათებს იყენებს. მხარდაჭერის ლიდერები არიან იტალია (11,000 ევრომდე) და კვიპროსი, ხოლო გერმანია მფლობელებს გადასახადებისგან 10 წლით ათავისუფლებს. სტიმულირების ძირითადი მექანიზმებია შესყიდვის გრანტები, სარეგისტრაციო მოსაკრებლების გაუქმება და ინფრასტრუქტურის მოწყობის მხარდაჭერა. ACEA-ს ანგარიში აჩვენებს, რომ სახელმწიფოებრივი წახალისება გადამწყვეტია რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და ემისიების შემცირებისთვის.

Porsche-მ Bugatti Rimac-ის წილი სრულად გაყიდა

Porsche-მ Bugatti Rimac-ში კუთვნილი 45%-იანი და Rimac Group-ის 20.6%-იანი წილები HOF Capital-ის კონსორციუმს მიჰყიდა. სტრუქტურული რეორგანიზაცია აშშ-ის ტარიფებითა და ჩინეთში მოთხოვნის კლებითაა გამოწვეული. გარიგების შემდეგ Bugatti Rimac-ზე სრულ კონტროლს Rimac Group-ი დაამყარებს. ინფორმაციის გავრცელებას ფრანკფურტის ბირჟაზე Porsche-ს აქციების 1.6%-იანი კლება მოჰყვა. მათე რიმაკი ბრენდის განვითარებას ახალ ინვესტორებთან ერთად გეგმავს, რაც კომპანიის ძირითად ბიზნესზე ფოკუსირებასა და მარჟების შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

როგორი ფინანსური შედეგები აქვს TESLA-ს?

Tesla-ს კვარტალურმა მოგებამ მოლოდინს გადააჭარბა (41 ცენტი აქციაზე), თუმცა $22.4-მილიარდიანი შემოსავალი პროგნოზზე ნაკლები აღმოჩნდა. მოგების მარჟის 19.2%-მდე ზრდა მასალების გაიაფებამ განაპირობა. ამასთან, მიმდინარედ ილონ მასკი აქცენტს Optimus-ის რობოტებისა და ხელმისაწვდომი მოდელების წარმოებაზე აკეთებს. მიუხედავად 16%-იანი შემოსავლის ზრდისა, კონკურენციისა და ხაზის მოძველების გამო, აქციები წელს 14%-ით გაუფასურდა. კაპიტალური დანახარჯების გეგმა კი $25 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაზე მიუთითებს.

CATL-ის რეკორდული ნახტომი

ბატარეების წარმოების გლობალურმა ლიდერმა, CATL-მა, პირველ კვარტალში წმინდა მოგება 48.52%-ით, $3.04 მილიარდამდე გაზარდა. შემოსავლების 52%-იანი ზრდა კომპანიის 39.%-იან საბაზრო წილს ეფუძნება. ამასთან, გიგანტმა $4.3-მილიარდიანი შვილობილი კომპანია დააფუძნა, რომელიც სამთო მოპოვებასა და ნედლეულის მიწოდების ჯაჭვის კონტროლს მოემსახურება. სტრატეგიული გაფართოების მრჩევლად სექტორის ვეტერანი, ჩენ ძინგჰე მიიწვიეს, რაც CATL-ის ენერგეტიკულ სამთო სექტორში გაძლიერებას ისახავს მიზნად.

Porsche-ს რეკორდული ელექტრო SUV

Porsche-მ ყველაზე მძლავრი მოდელი, Cayenne Coupe Electric-ი წარადგინა. ავტომობილი 1,156 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-ს 2.5 წამში ავითარებს, რითაც Taycan Turbo GT-საც უსწრებს. 800-ვოლტიანი არქიტექტურა 10%-დან 80%-მდე დამუხტვას 16 წუთში უზრუნველყოფს. სამ ვერსიაში წარმოდგენილი SUV პეკინის ავტოშოუზე აჩვენეს, გაყიდვები კი 2026 წლის ზაფხულში დაიწყევა, საწყისი ფასით, 110,000 ევრო. მოდელი Porsche-ს ელექტრიფიკაციის სტრატეგიის ახალი, აეროდინამიკური და მაღალტექნოლოგიური ფაზის სიმბოლოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები