მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დროთა განმავლობაში საჯარო მონაცემების მოპოვება რთულდება” - PMC კვლევითი ცენტრი

გიორგი ხიშტოვანი

ერთ-ერთი გამოწვევა, რომელსაც კვლევითი ორგანიზაციები ასახელებენ, კერძო და საჯარო სექტორების ღიაობის საკითხია. მათი ნაწილი ამბობს, რომ კვლევებზე მუშაობის პროცესში ისინი მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდებიან.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი განმარტავს, რომ მდგომარეობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით სულ უფრო უარესდება.

“როგორც წესი მონაცემების მთავარი მიმწოდებელი სახელმწიფო უწყებებია, რომლებიც აგროვებენ ამ მონაცემებს და ამ მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალურია, მაგრამ ტრენდი არის უარესობისკენ მიმართული, იქიდან გამომდინარე რომ დროთა განმავლობაში საჯარო მონაცემების მოპოვება რთულდება და ამ მხრივ გამოწვევები გვაქვს”, - ამბობს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გოგა ხიშტოვანი.

CRRC-ის ხელმძღვანელი კობა თურმანიძე კი აცხადებს, რომ პოლიტიკის გამტარებელი პირების თუ უწყებების მხრიდან ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნება არ ხდება, რაც მათ საქმიანობას განსაკუთრებით ართულებს.

“ყველა ორგანიზაცია, ვისაც რაიმე სახის პოლიტიკის განხორციელებასთან აქვს საქმე და მონაცემებს აგროვებს ასევე პროაქტიურად უნდა ასაჯაროვებდეს მას, რა თქმა უნდა, პერსონალური მონაცემების მოთხოვნის დაცვით.

ეს სამწუხაროდ, საქართველოში არ ხდება ან ხდება გამონაკლის შემთხვევებში და ვფიქრობ, ეს საკითხი რომ მოგვარდეს რადიკალურად შეცვლილა მონაცემების გამოყენების და მისი გამოყენების საფუძველზე პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხს”, - აცხადებს CRRC-ის დირექტორი კობა თურმანიძე.

როგორც ცნობილია, საჯარო ინფორმაციაზე წვდომა გართულებული აქვს მედიასაც. ბოლო პერიოდია პრაქტიკულად არ ხდება კონკრეტული მედია საშუალებებისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდება. ადრე თუ დათქმული ვადების დარღვევა მთავარი პრობლემა იყო, დღეს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ადრესატამდე საერთოდ არ მიდის.

უკვე მესამე წელია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ განკარგულებებსაც არ აქვეყნებს. მთავრობა თითქმის ყოველ ორშაბათს განიხილავს საკითხებს, რაც სხვადასხვა კომპანიებისთვის, ფიზიკური პირებისთვის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ეხება.

რეგლამენტის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაცია ვალდებულია, მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული საკითხებისა, მიღებიდან ვებგვერდზე არა უგვიანეს 3 დღისა, ატვირთოს. თუმცა არცერთი განკარგულება საჯაროდ არ იტვირთება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები