მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Dubai Chambers ქართული ბიზნესებისთვის ახალ ბაზრებს ხსნის" - სალემ ალშამსი

დუბაის პალატა

დუბაის სავაჭრო პალატის (Dubai Chambers) ორგანიზებით, თბილისში დუბაისა და საქართველოში დაარსებული კომპანიებისთვის ბიზნესფორუმი "ბიზნესის წარმოება საქართველოში" ჩატარდა.

როგორც "დუბაის პალატების" საერთაშორისო ურთიერთობების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, სალემ ალშამსიმ ფორუმზე მედიასთან აღნიშნა, ღონისძიების მიზანი დუბაიში დაფუძნებული ბიზნესებისთვის იმ პოტენციალის გაცნობა იყო, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობთ.

"ახლახან დავასრულეთ საქართველოსთან ერთად ბიზნესის წარმოების შესახებ პლენარული სესია. ეს ნაწილია ჩვენი, როგორც "დუბაის პალატების" ვალდებულებისა, დუბაის ბიზნესებისთვის ახალი ბაზრების აღმოჩენის თაობაზე. მსგავსი ღონისძიებები კი კრიტიკულ როლს ასრულებენ კომპანიებისთვის იმის გაცნობაში, თუ რას სთავაზობთ მათ სხვა, მაგალითად, ქართული ბაზრები. ჩატარებული შეხვედრებიც ცხადყოფს, რომ საქართველოში ჩვენს ბიზნესებს დიდი პოტენციალი აქვთ. თავად საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ცენტრია ევროპასა და აზიას შორის და, ვფიქრობ, დუბაიდან უფრო მეტი ბიზნესის აქ შემოსვლა რეგიონში ვაჭრობას კიდევ უფრო წაახალისებს", - ამბობს სალემ ალშამსი.

კითხვაზე, რომელი ინდუსტრიის კომპანიები არიან ყველაზე მეტად საქართველოში შემოსვლით და ინვესტირებით დაინტერესებული, "დუბაის პალატების" ვიცე-პრეზიდენტი რამდენიმე სექტორს ასახელებს.

"საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა დუბაისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მსგავსია. ჩვენ გვყავს მნიშვნელოვანი მოთამაშეები, რომლებიც შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ, მაგალითად, ლოგისტიკის სექტორის შესწავლით, მაგრამ პოტენციალი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. გვაქვს სხვადასხვა სექტორი, როგორებიცაა საკვები და სასმელები, ელექტრონიკა და სხვა სექტორები, რომლებსაც ვხედავთ, რომ საქართველოს ბაზრის შესასწავლად დიდი შესაძლებლობები აქვთ.

ყურადღებას ვამახვილებთ დუბაის მიერ შემოთავაზებულ ძირითად სექტორებზე, როგორიცაა, მაგალითად, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), რომელმაც ასევე ზრდა განიცადა აქ, საქართველოში. ჩვენ, დუბაიში, ვთავაზობთ სხვადასხვა პლატფორმას, რომლითაც ტექნოლოგიური ინდუსტრიის ბიზნესებსა და სტარტაპებს შეუძლიათ ისარგებლონ", - განაცხადა სალემ ალშამსიმ.

"დუბაის პალატების" ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც დუბაიში დაფუძნებული კომპანიებს, ასევე ქართულ ბიზნესებს, სავაჭრო პალატა გლობალური გაფართოებისთვის სხვადასხვა შესაძლებლობას სთავაზობს, რითაც ურთიერთობა ორმხრივად სასარგებლოა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ ბიზნესს დიდი პოტენციალი აქვს შეისწავლოს ის, რასაც დუბაი როგორც ლოგისტიკური ცენტრი გთავაზობთ. დუბაი კარგად არის დაკავშირებული მთელ მსოფლიოსთან, განსაკუთრებით აფრიკასთან, ახლო აღმოსავლეთთან და აზიასთან. ასევე, ფედერალურ დონეზე, საქართველოსთან ხელმოწერილი ეკონომიკური პარტნიორობის ყოვლისმომცველი შეთანხმება კიდევ უფრო ზრდის ვაჭრობას. ჩვენ ვნახეთ ნავთობის გარეშე ორმხრივი ვაჭრობის ზრდა, რომელმაც საქართველოსა და დუბაის შორის $761 მილიონს მიაღწია, რაც 58%-იანი ზრდაა. ეს ნამდვილად იმედის მომცემია CEPA-ს შემდეგ.

ჩვენ, როგორც დუბაის სავაჭრო პალატა, ქართული ბიზნესებს შესანიშნავ შესაძლებლობას ვთავაზობთ გაფართოებისთვის. ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით 37 ოფისი გვაქვს. ოფისების ეს ქსელი ქართული ბიზნესებისთვის ახალ ბაზრებს ხსნის, ჩვენ მათ ამ ბაზრების შესწავლაში ვეხმარებით", - განაცხადა Dubai Chambers-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები