მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DuChef-ის გაყიდვები დაახლოებით 20%-ით გაიზარდა - "მომხმარებლების 40% უცხოელია“

დუშეფი

„გაყიდვები დაახლოებით 20%-ით გაგვეზარდა. მომხმარებლების 40% უცხოელია“, - ამის შესახებ საკონდიტრო „დუშეფის“ დამფუძნებელმა, ხათუნა ბაკურაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

"დუშეფი" ბაზარზე სამი წელია რაც ოპერირებს და მომხმარებელს ევროპულ, განსხვავებულ და კომპანიის შეფის რეცეპტებით შექმნილ საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს. გარდა "დუშეფის" კაფესა, რომელიც თბილისში ორ მისამართზე მდებარეობს, ის სასწავლო სკოლასაც აერთიანებს.

საკონდიტროს დამფუძნებლის ინფორმაციით, „დუშეფი“ კვლავ ორი ფილიალითაა წარმოდგენილი. თუმცა, კომპანიამ ვაკის ფილიალის მისამართი შეიცვალა და ორბელიანზე გახსნა. წლის დასაწყისში, ბაკურაძე მესამე ფილიალის გახსნასაც აანონსებდა, თუმცა მისივე ცნობით, ამ ეტაპზე ლოკაციის მოკვლევა გრძელდება და ახალი ფილიალის გახსნა ჯერჯერობით არ იგეგმება.

„ამ ეტაპზე, კვლავ ორი ფილიალით ვართ წარმოდგენილი, თუმცა შევიცვალეთ მისამართი. დავხურეთ ვაკის ფილიალი და ორბელიანზე გავხსენით. ამ ეტაპზე, მესამე ფილიალის გახსნა არ იგეგმება, რადგან მოკვლევის პროცესში ვართ, თუ სად შეიძლება გავხსნათ მესამე ობიექტი.

ჩვენ პრემიუმ ხარისხის პროდუქციას ვამზადებთ. გაყიდვები დაახლოებით 20%-ით გაგვეზარდა. მომხმარებლების დაახლოებით 40% უცხოელია. კერძოდ საფრანგეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. ესენი არიან სტაბილურად მცხოვრები დელეგატები და ჩამოსული ტურისტები. მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. გვაქვს ჩვენი ნიშა და ჩვენი სტაბილური მომხმარებელი გვყავს“,- ამბობს ბაკურაძე.

აღსანიშნავია, რომ „დუშეფს“ უკვე 4 წელია საკუთარი სკოლა აქვს, სადაც მოკლევადიან პროგრამას ახორციელებს. ბაკურაძის ინფორმაციით, ისინი ერთადერთი საკონდიტრო სკოლა არიან საქართველოში, რომლებიც მოკლევადიან პროგრამას ახორციელებენ და სახელმწიფო სერტიფიკატს გასცემენ.

„ჩვენს მოკლევადიან პროგრამაზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ფაქტობრივად, არცერთი თვე არ გვაქვს ჩავარდნა. როგორც კი რეგისტრაცია ცხადდება, ადგილები მომენტალურად ივსება. პროგრამა ერთ თვიანია და კვოტა თვის განმავლობაში 24 მოსწავლეზეა გათვლილი. ეს არის ინტენსიური ერთ თვიანი პროგრამა. პროგრამის ღირებულება 2500 ლარია, თუმცა პერიოდულად სახელმწიფო თანადაფინანსებები გვაქვს. შესაბამისად, პროგრამის ღირებულება საკმაოდ შეღავათიან ფასებში გამოდის. პროფესიული უნარების სააგენტო გვიდგას მხარში და ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე ასეთი თანადაფინანსებები.

სახელმწიფო თანადაფინანსება პირდაპირპროპორციულია იმისა, რომ შეღავათიანი ფასებით სარგებლობის შესაძლებლობა, რეგიონებში მყოფ მსურველებსაც აქვთ“,- აცხადებს ბაკურაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს უცხოელ შეფებთან, რათა საქართველოში ჩამოვიდნენ და მასტერკლასები ჩაატარონ. ამასთან, თავად „დუშეფიც“ ჩავიდეს საერთაშორისო ბაზრებზე, ამ საგანმანათლებლო კუთხით, ძირითადად საუბარია საფრანგეთზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები