საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის წარმდგენი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მუხტის ასაწევად კეთდება. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მდინარაძე ირწმუნება, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ემსახურება მხოლოდ გამჭვირვალობას და საქართველომ უნდა გამოიჩინოს ურყევი პოზიცია და უცხოელების შეფასების გავლენის გარეშე მიიღოს ამ კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.
„უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ და უცხოელებს ვკითხოთ, როგორ მოვიქცეთო. ნებისმიერი ქვეყნის გავლენას ამცირებს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, თავისი ქვეყნის შიგნით და ჩვენ უცხოელებს ვკითხოთო. დღეს გამოვიდა მედვედევი და შეგვიქო, ანუ რაც ახლა აწყობთ და სჭირდებათ, რომ ნავთი დაასხან ცეცხლზე, ამას აკეთებენ. გარედან ყველა ქვეყანა რაც მუხტის აწევას სჭირდება, იმას აკეთებს. რუსეთიც და სხვებიც. ცოტა შეიძლება რთული მოსასმენი და აღსაქმელი იყოს, მაგრამ სიმართლე ეს არის.
FARA არავის აწყობს გარდა ამერიკელებისა, ფრანგული კანონი, რომელშიც დაარტყეს რუსებს, ამერიკელებს, არავის აწყობს გარდა ფრანგებისა. ევროკავშირი რომ მიიღებს მსგავს კანონმდებლობას, არავის აწყობს გარდა ევროკავშირის 27 ქვეყნისა, ავსტრალიელების გარდა არავის აწყობს ავსტრალიაში რომ კანონია... მათ შეძლეს, თორემ რა გგონიათ... რატომ? იმიტომ რომ დუგინი იწონებსო. დუგინი იმიტომ იწონებს, რომ დაასხას ნავთი ცეცხლზე, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, პროპაგანდისტი გამოვიდა და დაასხა ნავთი ცეცხლზე. ყველა გარედან მოქმედებს ისე, რომ მუხტი აიწიოს და შენს ქვეყანაში სუვერენული გადაწყვეტილება ვერ მიიღო. დღეს საკითხი, სამწუხაროდ, ასე დადგა ან მიიღებს საქართველო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რაშიც გამჭვირვალობის გარდა არაფერია და დეკლარაციის შევსებაზეა საუბარი. დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია და ეკა გიგაური ამაზე ვხოცავთ ერთმანეთს“, - აცხადებს მდინარაძე.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით 83 ხმით ნულის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. კენჭისყრამდე პაპუაშვილმა ოპოზიცია დარბაზიდან გააძევა.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსი ენიჭება ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად" რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.