მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დუშეთში, ცალკეული საბავშვო ბაღის მშენებლობის შემთხვევაში ხარვეზებია - რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

ობიექტებთან დაკავშირებით არსებობს შენიშვნები, მშენებელს მიეცა კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის, - ამის შესახებ "ოცნების" ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, თუმცა არ დააკონკრეტა, რომელი ობიექტის შემთხვევაში არსებობს შენიშვნები.

"დავათვალიერეთ დაბა ჟინვალის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბაღი 150 ბავშვზეა გათვლილი და ის აქაური მცხოვრებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო ჯამში, მცხეთა-მთიანეთში მიმდინარეობს 26 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს პროექტი ხარისხიანად და ვადაში განხორციელდეს", - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, "ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება მაქსიმალური კონტროლი, როგორც სამინისტროს, ისე ფონდის მხრიდან“.

როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, ამჟამად უწყებაში შემავალი მუნიციპალური განვითარების ფონდი დუშეთის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. კერძოდ, სოფელ ანანურსა და სოფელ ფასანაურში სრულიად ახალი ბაღები აშენდება, ხოლო სოფელ ჭოპორტსა და დაბა ჟინვალში არსებულ ბაღებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ოთხივე ბაღი 400-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

პროექტები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ოთხივე ბაღის ღირებულება 7 მილიონს შეადგენს.

რაც შეეხება ჯამში, მცხეთა - მთიანეთის რეგიონში მიმდინარე საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/მშენებლობას, მუნიციპალური განვითარების ფონდი, 23 საბავშვო ბაღის პროექტს ახორციელებს. მათგან, ამ ეტაპზე, დასრულებულია 6 ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაცია. მხოლოდ საბავშვო ბაღების პროგრამისთვის, მცხეთა-მთიანეთში, ფონდს გამოყოფილი აქვს 46 მილიონ ლარზე მეტი.

ცნობისთვის, საქართველოში სახელმწიფოს დაკვეთით შესრულებული მშენებლობის ხარვეზიანობის შემთხვევები ერთეული არ არის. მაგალითად, გუშინაც რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები პრობლემურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები