ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, ძალაშია, თუ არა მმართველი გუნდის ბოდიში ოკუპანტების მიმართ.
"ჩვენ თუ გვინდა ურთიერთშერიგება. ჩვენ, თუ გვინდა მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისკენ გზა გადის ურთიერთშერიგებაზე და ურთიერთშერიგება არ არსებობს ურთიერთპატიების გარეშე. შესაბამისად, ძალაშია გზავნილი, რომელიც ჩვენი მხრიდან გაჟღერდა.
ჩვენ, თუ გინდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ერთადერთი გზა ურთიერთშერიგებაა და ურთიერთშერიგებისკენ ერთადერთი გზა არის ურთიერთპატიება ხალხებს შორის.
რა თქმა უნდა, ე.წ. ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ თუ გვსურს, მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ვერ მოხდება ურთიერთშერიგების და შესაბამისად, ურთიერთპატიების გარეშე", - განაცხადა პრემიერმა.
ივანიშვილის გზავნილი
14 სექტემბერს, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულმა ბიძინა ივანიშვილმა გორში თქვა, რომ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული მთავარი სათქმელი გორელებისთვის ჰქონდა შემონახული:
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.