BDO-ს მმართველი პარტნიორის, ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, რუსული კანონის მიღებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო საერთაშორისო ინვესტორები ქვეყანაში ინვესტირებისგან თავს იკავებენ - ამის შესახებ ლალაზაშვილმა BMGTV-ის “საქმიანი დილას” ეთერში, რუბრიკის “საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე” ფარგლებში ისაუბრა.
“გასულ კვირას ესტონეთში ვიყავით, ძალიან დიდ ღონისძიებაზე, რომელიც სტარტაპ ეკოსისტემას ეხებოდა და უამრავი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. ძალიან ბევრი საინტერესო თემაც იყო განხილული და ზუსტად იქ, ძალიან ბევრი ბიზნესმენისგან მოვისმინეთ, რომ ისინი საქართველოში ინვესტირებას აღარ განიხილავენ.
ჩვენ მანამდეც გვქონდა შეხვედრები, სადაც კონკრეტულ პროექტებზე იყო საუბარი, რომლებიც ზუსტად ამ კანონებიდან გამომდინარე გაჩერდა უცხოელი ინვესტორების მხრიდან”, - ამბობს ლალაზაშვილი.
BDO-ს მმართველი პარტნიორი განმარტავს, რომ რუსული კანონის ეფექტი საქართველოს კერძო სექტორზეც გავრცელდა და მოვლენების შემდგომი განვითარება თავად დონორებზეა დამოკიდებული.
“ზოგადად, როგორც ვაკვირდებით, ბიზნესშიც კი, კერძო სექტორშიც, გადაწყვეტილებების მიღება, გარკვეულწილად, შეჩერებულია. გადაწყვეტილებებში ვგულისხმობ, დაიწყონ თუ არა გაფართოება, მიიღონ თუ არა გარკვეული გადაწყვეტილებები. ყველა ელოდება, რა მოხდება და როგორ.
შესაბამისად, შემდგომი ნაბიჯები უკვე იმაზეა დამოკიდებული, ეს ყველაფერი როგორ დალაგდება, დონორები რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორ გააგრძელებენ საქმიანობას, თუ საერთოდ შეაჩერებენ მას, როგორ გააგრძელებენ საქმიანობას კერძო და საერთაშორისო ინვესტორები - ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული”, - ამბობს ლალაზაშვილი.
მისი განმარტებით, რუსული კანონის ეფექტი მოკლევადიან პერიოდში მცირედით იქნება შესამჩნევი, გრძელვადიან პერიოდში კი მას უფრო მასშტაბური შედეგები ექნება.
“არ არის საუბარი მხოლოდ NGO-ების და მისი თანამშრომლების ხელფასებზე. ეს ხალხი ამ ხელფასებს შემდეგ სხვადასხვა საყიდლებზე, გართობაზე, საკვებზე, მომსახურებაზე ხარჯავენ. თუ ეს თანხები საქართველოში არ შემოვა, მისი დახარჯვაც არ მოხდება ბიზნესში, ფული თუ არ დაიხარჯა, ეს ბიზნესისთვის რთული იქნება.
მეორე მხრივ, თუ ბიზნესს საკრედიტო რესურსი გაუძვირდა, ეს საბოლოო ჯამში, პროდუქტისა და მომსახურების ფასებზეც მოახდენს გავლენას და, საბოლოოდ, მათზე მოთხოვნა შემცირდება”, - განმარტავს BDO-ს მმართველი პარტნიორი.