მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსული კანონის" წინააღმდეგ პროტესტი ბიზნესს ძვირი გვიჯდება" - "წიგნები ვაკეში"

მარიამ კიკაჩეიშვილი

მიმდინარე წლის ორი კვარტლის შედეგებს წიგნების მაღაზია "წიგნები ვაკეში"-ს დამფუძნებელი, მარიამ კიკაჩეიშვილი BMGtv-სთან არასახარბიელოდ აფასებს და აღნიშნავს, რომ წლის პირველ ექვს თვეში ბიზნესი ზარალზე გავიდა, გაყიდვების მაჩვენებელი კი 30%-ით შემცირდა. ამის მიზეზად ის რუსული კანონის მიღებით შექმნილ პოლიტიკურ არასტაბილურობას, თანმდევ პროცესებსა და მათგან გამომდინარე შეცვლილ სამომხმარებლო ქცევას ასახელებს.

"მოგეხსენებათ, წიგნები არ არის პირველადი მოხმარების პროდუქტი, ამიტომ ეკონომიკური მდგომარეობა ყოველთვის წიგნებზე აისახება, ვგულისხმობ მის შეძენას. ამას დაემატა მარტი, აპრილი, მაისის აქციები და ამანაც ძალიან იმოქმედა ჩვენზე. ჩვენც მონაწილეები ვიყავით ამ აქციების და ამიტომ, ბუნებრივია, ამას წინ ვერ დავუდგებოდით. შესაბამისად, საკმაოდ მძიმე ექვსი თვე გამოგვივიდა", - ამბობს მარიამ კიკაჩეიშვილი.

მაღაზია "წიგნები ვაკეში"-ს დამფუძნებელი აღნიშნავს იმასაც, რომ ბიზნესისთვის დამაზიანებელ ფაქტორად იქცა "რუსული კანონის" წინააღმდეგ მათი გაცხადებული პოზიცია, რამაც მაღაზიას მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი დააკარგვინა.

"არსებული მძიმე ვითარების მიუხედავად, ჩვენ მაინც ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. გამოკრულიც გვაქვს მაღაზიაში "არა რუსულ კანონს!", ასევე გვაქვს პუტინის ვუდუ. ჩვენი მაღაზიაც აქციაა ამ შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, მაგის გამოც ბევრმა უარი თქვა და აღარ შემოდის ჩვენს მაღაზიაში. თუმცა, ზოგიერთი პირიქით, მადლობას გვეუბნება, რომ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას. გვინდა, მაგალითი ვიყოთ და ღიად ვამბობთ, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ. მართალია, ეს ეკონომიკურად ძალიან ცუდად ისახება ჩვენზე, თუმცა პოზიცია არ შეიცვლება", - განმარტავს მაღაზიის დამფუძნებელი.

მარიამ კიკაჩეიშვილი ამბობს იმასაც, რომ ბიზნესისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდა ასევე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რაც რუსული წიგნების შემოტანაზე მათ მიერ უარის თქმას უკავშირდება.

"დაახლოებით ორი წელია აღარ ჩამოგვაქვს რუსულენოვანი წიგნები, რომელთა ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელი ვიყავით საქართველოში. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე უარი ვთქვით რუსული წიგნების ჩამოტანაზე. ჩვენი ბრუნვის დაახლოებით 80% იყო რუსული გამომცემლობების წიგნები. მოგეხსენებათ, რუსულად ითარგმნება უფრო სწრაფად და ხშირად, ვიდრე ქართულად, რადგან ბაზარიც დიდია, ამიტომ ვცდილობდით, რომ სანამ ქართველები თარგმნიდნენ, იქამდე დაგვესწრო და შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის. თუმცა, შემდეგ რუსეთიდან შემოსულმა მიგრანტებმა, რომლებიც უცერემონიოდ მოითხოვდნენ, რომ რუსული წიგნები დაგვეხვედრებინა, გამოიწვია ჩვენი პროტესტი და უარი ვთქვით რუსულ წიგნებზე, რომ არ შეგვექმნა მათთვის კომფორტი და კიდევ უფრო მყარად არ მოეკიდებინათ აქ ფეხი. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებამ დიდი ზარალი მოგვიტანა, ჩვენ ის არ შეგვიცვლია", - აღნიშნავს კიკაჩეიშვილი.

"წიგნები ვაკეში"-ს დამფუძნებლის თქმით, რუსული წიგნების ჩანაცვლება ინგლისურენოვანით დაიწყეს და ამ მიმართულებით გაფართოვდნენ, გაამრავალფეროვნეს ასორტიმენტი და დიდ ბრიტანეთის არაერთ გამომცემლობასთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები