მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საგარეო ვექტორის ცვლილებით რისკები სახეზეა, მათი გამანეიტრალებელი ფაქტორი კი არ არსებობს" - დავით მაისურაძე

ანალიტიკა

"ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის" დირექტორი, დავით მაისურაძე, "ანალიტიკას" ეთერში რუსული კანონის ეკონომიკურ გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ, მიუხედავად მაკროეკონომიკური ცვლადების სტაბილურობისა, არსებობენ ფაქტორები, რომლებზეც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად აისახა, რაც საბოლოოდ მაკროეკონომიკურ ნიშნულებზეც იქონიებს გავლენას.

"ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ძალიან სტანდარტული ფრაზა ისმის ხოლმე, რომ “მაკროეკონომიკური მაჩვენებლები წესრიგშია, ძლიერია, კარგად გამოიყურება და არაფერი მოხდება”. მაგრამ ეს მაკროეკონომიკური მონაცემები სტაციონარულ მდგომარეობაში ხომ არ არსებობს, არა?! არსებობს ფაქტორები, რომლებიც, პირდაპირი მნიშვნელობით მაკროეკონომიკურ ფაქტორებად შეიძლება ვერ განვიხილოთ, მაგრამ ამ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ზეგავლენას ახდენს. ერთ-ერთი ასეთი მაჩვენებელი ვალუტის კურსია, რომელიც გაუარესებულ მდგომარეობაშია.

მეორეც, საგარეო პოლიტიკურ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდი გავლენის მომხდენია, განსაკუთრებით, ჩვენ შემთხვევაში. ჩვენი ეკონომიკა ძლიერი არ არის, სუსტია, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირების არჩევანს კი შეუძლია [ეკონომიკაზე] ზეგავლენის მოხდენა", - განმარტავს დავით მაისურაძე.

იგი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები თანხვედრაში არ არის საქართველოს კონსტიტუციასთან, რაც ასევე იწვევს ეკონომიკურ არასტაბილურობას.

"ჩვენ შემთხვევაში, კონსტიტუციით, ამ დროისთვისაც ჩვენი მიზანია, რომ დასავლური სამყაროს ნაწილი გავხდეთ და როდესაც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის, ეს იწვევს არასტაბილურობას, რაც შემდეგ აისახება ვალუტის კურსზე, ბანკების აქციებზე, ინვესტიციებზე თუ ა.შ.

მაგალითად, საფონდო ბირჟებზე დალისტულ კომპანიებს თავიანთი ემისიების დოკუმენტებში მითითებული აქვთ სხვადასხვა რისკფაქტორები და, დარწმუნებული ვარ, ამ რისკფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საგარეო პოლიტიკურ თემებსაც. ქართულ კომპანიებს მითითებული ექნებათ 2008 წლის ომი, მისი შედეგები... ამ რისკფაქტორების გამანეიტრალებელ გარემოდ კი მითითებული იქნება ასოცირების ხელშეკრულება, კანდიდატის სტატუსი და ა.შ.

ამ წუთებში, საგარეო პოლიტიკური რისკების ცვლილებით, სახეზეა რისკები, მათი გამანეიტრალებელი ფაქტორები კი არ არსებობს", - განმარტავს დავით მაისურაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები