“პოლიტიკური გაურკვევლობა საქართველოში იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ამას ჩვენ თავიდან ვპროგნოზირებდით” – გვითხრა ექსკლუზიურ ინტერვიუში Fitch Ratings-ის ანალიტიკური გუნდის ხელმძღვანელმა არვინდ რამაკრიშნანმა რამდენიმე კვირის წინ. დავინტერესდით, რა გავლენას ახდენს პოლიტიკური გაურკვევლობა მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად ეხება – საქართველოში ევროპულ ბიზნესზე და მის პერსპექტივაზე.
ანალიტიკა–მ ინტერვიუ ჩაწერა ევროპული ბიზნესასოციაციის პრეზიდენტთან ჯონ ბრეკეველდტთან. როგორც ინტერვიუდან ირკვევა, 10 დეკემბერს საქართველოში ევროპული ბიზნესფორუმი გაიმართება, სადაც ახალი ანგარიშის – “ევროპული ბიზნესკლიმატი საქართველოში” – პრეზენტაცია გაიმართება.
მოგესალმებით, ბატონო ჯონ. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ჩემი პირველი კითხვა: რას ხედავს ევროპული ბიზნესი, ინვესტორები, ზოგადად – დასავლეთი, როცა თვალს ადევნებს პარლამენტის პირველ სხდომას, სადაც მხოლოდ ქართული ოცნებაა და სხვა არავინ?
ძალიან დიდი ხანია საქართველოში ვარ და არასდროს დამავიწყდება შარშანდელი წელი, როცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. საქართველოს ძალიან პოზიტიური იმიჯი ჰქონდა ევროპის შიგნით. იმ დღეს, როცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მივიღეთ, ზარები მოჰყვა – გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოში ინვესტირება სურდათ, სჭირდებოდათ კადრებით დახმარება ან სხვა ევროპულ ბიზესებთან დაკავშირება საქართველოში. საქართველოს როლი ძალიან გააქტიურებული იყო. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს იმიჯი შელახულია. სულ ამას ვამბობ, რომ პოლიტიკა ბიზნესისთვის კარგი არ არის. 25 წელი გავიდა, რაც საქართველოში ვარ, ქართველი ვარ, 3 არჩევნებს მოვესწარი. დიახ, მიხარია, რომ ხმის მიცემა შემიძლია არჩევნებში, თუმცა ყველა არჩევნები მძიმეა ბიზნესისთვის და ამაზე დაკვირვება ძალიან მიმძიმს. ჩვენ თითქმის ყოველთვის მსხვერპლი გამოვდივართ. წელს პოლიტიკამ პრაქტიკულად წყალში ჩაყარა მთელი ის წინსვლა და პროგრესი, რაც ჩვენ გვქონდა ევროპული ინვესტიციების ქვეყანაში მოზიდვის კუთხით. ცუდი ნარატივი იყო, რასაც ნამდვილად აქვს გავლენა ბიზნესზე და განსაკუთრებით, ევროპულ ბიზნესზე, რომელსაც საქართველოში ოპერირება სურს. ძალიან ბევრი კომპანია ვნახე, რომელიც ტოვებს საქართველოს. ჩემი თვალით მაქვს ეს ნანახი.
ამას ოდნავ მოგვიანებით კიდევ დავუბრუნდეთ. თქვენ თავად ხართ ევროპელი ბიზნესმენი საქართველოში უკვე ბევრი წლის განმავლობაში. გაქვთ მჭიდრო ურთიერთობები ევროპელ სხვა ბიზნესმენებთან. როგორი ტიპაჟია ევროპელი ბიზნესმენი – მათთვის მართლა მნიშვნელოვანია გაზიარებული ღირებულებები – სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და თამაშის თანასწორი წესები – ეს ყველაფერი ევროპული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია თუ შეიძლება იფიქრონ – მცირე ავტოკრატიაა საქართველოში, თუმცა მოდი, მაინც შევინარჩუნოთ ამ ქვეყანასთან კავშირები?
ევროპული ბიზნესი ღირებულებებზე დაფუძნებული ბიზნესია. ევროპული სტანდარტები მათთვის ცალსახად მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ ევროპულმა ბიზნესმა საქართველოში ოპერირება დაიწყოს, ის უნდა დარწმუნდეს, რომ საქართველოში მისი ფილიალი იმავე სტანდარტებს აკმაყოფილებს, როგორც ევროპაში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სოციალური მედიით და მთელი ამ ხმაურით – ბელგიურმა კომპანიამ მაგალითად ფილიალით საქართველოში უცებ რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიიღოს, რადგან იქ თურმე ევროპული სტანდარტები არ აქვს დანერგილი – არა, ბელგიურმა კომპანიამ ყველგან ერთი თამასა უნდა დაიჭიროს. ეს მათთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ევროპული ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღირებულებების, სტანდარტების ერთგულება იმისთვის, რომ მათ შორის, საქართველოს წარმოჩინებაც შეძლოს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ბიზნესები და ინვესტორები ტოვებენ ქვეყანას. ამას მაგალითად ამ ეტაპზე ვერ ამჩნევს ფიტჩ რეიტინგსი. როგორ ფიქრობთ, რატომ? ბიზნესზე პოლიტიკური გაურკვევლობა დროში უფრო გვიან აისახება? არის ეს ე.წ. გეპი, დროში ჩამორჩენა?
ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო ახლა, რას გიპასუხებთ. ყველა ბიზნესს განსხვავებული პერსპექტივა აქვს. ვეცდები, განვაცალკევო. პირველ რიგში, მოდი ვისაუბროთ ევროპულ ბიზნესებზე, რომლებიც ყიდიან პროდუქტებს საქართველოს ბაზარზე და აქედან სხვა ბაზრებზე განვითარებაც სურთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოში მცირე ზომის ბაზარია, ამიტომ ბუნებრივად იზღუდება ჩვენი შანსები, რომ აქედან ოპერირება დაიწყონ მართლაც დიდმა კომპანიებმა, რადგან ბაზარი მათ ამის საშუალებას არ მისცემს. ამის მიუხედავად, შედარებით მცირე, ევროპული სმე კომპანიები – მათ შეუძლიათ საქართველოშიც გაყიდონ პროდუქცია და საქართველოდან სხვა ბაზრებსაც მიწვდნენ. ბოლო ორი წელია უკვე, რაც ეს პროცესი გაჩერებულია. ეს თანდათან მოხდა. რატომ? ამის მიზეზი ომია. უკრაინაში ომის გამო, ევროკავშირმა რუსულ პროდუქციაზე სანქციები დააწესა ევროპულ ბაზარზე. ჩემთვის, როგორც ევროპული ბიზნესის წარმომადგენლისთვის ძალიან სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ რუსეთ–საქართველოს საზღვარი პროდუქციისთვის არ ჩაიკეტა. შესაბამისად, ბაზარი დემპინგური ფასებით გაივსო. დროთა განმავლობაში ამან შედეგად ის მოიტანა, რომ ევროპელი ინვესტორისთვის აქ ბიზნესის წარმოებამ აზრი დაკარგა. როგორ უნდა მივიდე დღეს მე ქართულ კომპანიასთან და ვუთხრა, ჩემგან იყიდე მაღალი ხარისხის ევროპული პროდუქტი, თუ ჩემი პროდუქციის ფასი ორჯერ აღემატება იაფფასიან რუსულ პროდუქციას? რაღაც ტიპის ბუფერის აუცილებლობა არსებობდა. დიახ, საქართველოს აქვს დისიეფტიეი – ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ მაგრამ ვაჭრობა გაცილებით უფრო თავისუფალია რუსეთთან, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ ყველანი საქართველოში ვცხოვრობთ და ალბათ გვესმის, რომ დიახ – ცოტა ვისარგებლეთ კიდეც უკრაინაში ომით, რუსების შემოდინებით, იაფი პროდუქციით, მაგრამ მომავლისთვის ამის შენარჩუნება შეუძლებელია. ჯერ ერთი – ყველა ვაკვირდებით ამ ტენდენციას, ევროპული პროდუქცია ბაზარს ტოვებს. ამას გარდა, ევროპული ბიზნესისთვის საქართველოში წარმოებაც აზრს კარგავს – რატომ უნდა ჩადო ინვესტიცია რაიმე ტიპის საწარმოში თუ წინასწარ იცი, რომ ისეთივე ფასი ვერ გექნება, როგორც აქ დემპინგით ჩამოყრილ პროდუქციას? ესეც მეორე გამოწვევა და მესამე – ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებაა.
საჭიროა ამაზე აქცენტის დასმა – რატომ ტოვებენ ქვეყანას ახალგაზრდები – იმიტომ, რომ წარმოება არ არის საქართველოში, რუსეთთან შერბილებული წესების პირობებში, ამას აზრი ეკარგება. არის სფეროები, სადაც ჯერ–ჯერობით უკეთესი მდგომარეობაა – მაგალითად, აიტი სფერო – ბალტიისპირეთის კომპანიები ჯერ კიდევ არიან ქვეყანაში. ამ სექტორში ევროპაშიც დიდი გამოწვევაა კვალიფიციური კადრების თვალსაზრისით და საქართველოს აქვს იდეალური მდებარეობა – ადრე ტენდენცია იყო ისეთი, რომ აღმოსავლეთ ევროპა მიდიოდა დასავლეთ ევროპაში კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, მაგრამ ახლა სხვა დროა – ეს ქვეყნები – რუმინეთი,ბულგარეთი, პოლონეთი – იმდენად განვითარდნენ, რომ ახლა მათ სჭირდებათ კვალიფიციური კადრები – ამ ხალხის საძებნელად ყველაზე ლოგიკური ადგილი საქართველო იყო – ახლოა ევროკავშირის საზღვრებთან, მაგრამ ამავდროულად ჩვენ გადასარევად ვსაუბრობთ ინგლისურად, განათლებული ხალხი გვყავს, რომლებსაც სურთ მუშაობა. კი, დღეს ვწუწუნებთ, რომ ცუდია, რომ ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ, მაგრამ აქ არ არის წარმოება. გვჭირდება ამ მიმართულებით ინვესტირება. ჯერ კიდევ არიან ევროპული კომპანიები და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრები არიან – რომლებიც აგრძელებენ საქართველოში ოპერირებას, როგორც უკვე აღვნიშნე, უმეტესად აიტი კომპანიები – თუმცა, რასაც მე ვაკვირდები, საქართველოს შელახული იმიჯი არ უტოვებს მათ საშუალებას, რომ გააგრძელონ ინვესტირება. ეს, ჩემი აზრით, დიდი პრობლემაა.
ამ ხაზის გაგრძელებაა ალბათ ისიც, რასაც უკვე სტატისტიკაც ამბობს საქართველოს სავაჭრო ბაზრებზე და საქართველოს ფილოსოფიაზე, თუ როგორი ბიზნესის წარმოება სურს. სავაჭრო პარტნიორებს თუ შევხედავთ, ევროკავშირის წილი ათწლიან მინიმუმზეა დაცემული, მთავარი სავაჭრო პარტნიორები კი ყირგიზეთი და ყაზახეთია. ამაზე ფოკუსირებისას არგუმენტი ასეთია: მიუხედავად იმისა, თუ რა ეჭვები შეიძლება არსებობდეს, თუ რატომ დაწინაურდნენ კონკრეტულად ეს ბაზრები, როგორც საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები, ყველა პროდუქტი სანქცირებული არ არის, ამიტომ რა პრობლემაა, რომ საქართველომ ისარგებლოს შექმნილი ვითარებით? რა გავლენა აქვს ამას საქართველოს იმიჯზე და ქვეყნის მდგრად სტაბილურ განვითარებაზე?
მდგრადი და სტაბილური განვითარება აქ საკვანძო სიტყვებია. ეს ვერ იქნება ვერც მდგარდი და ვერც სტაბილური – ვერც ყირგიზეთი, ვერც, თუნდაც, ჩინეთი, თუნდაც, იგივე რუსეთი. ევროკავშირი უკვე იმდენი წელია საქართველოს ეხმარება, რომ დანერგოს ევროპული სტანდარტები, რაც საქართველოს საზოგადოებას და არა მხოლოდ – ბიზნესსაზოგადოებას ეხმარება. ყველა ამ სხვა ქვეყნის შემთხვევაში, და ეს ისტორიულად დამტკიცებული ფაქტებია, სტაბილური განვითარება შეუძლებელია. ევროკავშირის წევრობა იყო ყოველთვის საქართველოსთვის მთავარი მიზანი – ამიტომ იყო ასე კარგი საქართველოს იმიჯისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება. აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ერთადერთი კურსი, რაც საქართველოს შეიძლება აერჩია. დღეს მესმის რომ ტოპ 2%–ისთვის საქართველოში ყველაფერი კარგადაა – იაფი პროდუქია შემოდის ქვეყანაში, მართალია, ჩინური პროდუქცია სულ ტყდება და მსხვრევადია, მაგრამ იაფფასიანია. ევროპული ხარისხის მისაღწევად ინვესტირებაა საჭირო, ძალიან კარგად მესმის, რომ რთულია – ამდენად, ტოპ 2% დღეს კარგადაა, მაგრამ თუ რაიმე მკვეთრად არ შეიცვლება, ვხედავ ყოველ წელს როგორ უკან და უკან მიდის საქართველო. აუცილებელია აქცენტის გაკეთება ევროპულ ბიზნესებზე და იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი დარჩნენ ქვეყანაში. ბევრი კომენტარი მსმენია დისიეფტიეი–ზე – რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში დიდი ვაჭრობა არც მიმდინარეობს – მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მესმის, ადამიანებს შეიძლება გულიც წყდებოდეთ – მაგრამ ეს არ არის ამოცანა, რომელსაც შეიძლება ერთ წელიწადში მივაღწიოთ. სტრუქტურულად უნდა ვითარდებოდეს წლების განმავლობაში. ბოლო წელიწადში რასაც ვაკვირდებით, ჩვენ ვკარგავთ მთელ იმ ინვესტიციას, რაც ამ მიმართულებით განვითარებაში მთელი ამ წლების განმავლობაში ჩავდეთ.
საწუხარო სურათია, ნამდვილად. ამდენად – თქვენ ევრაზიულ ბაზარს ვერ ხედავთ, როგორც ევროპულის ჩამნაცვლებელს. მთავრობის რიტორიკაშიც გვხვდება, რომ ევროკავშირის ბაზრის ჩანაცვლება საქართველოსთვის შესაძლებელია ევრაზიულის მხარეს გააქტიურებით.
შეუძლებელია. ევრაზიული ვერასდროს ჩაანაცვლებს ევროპულს. მეტიც – ევროპული ღირებულებების, ევროპული სტანდარტების გამოც იყო მათ შორის, რომ საქართველოს შუა კორიდორის განვითარებაში ჩართვის შესაძლებლობა გაუჩნდა. ევროპული ღირებულებების ქვეყანა, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე აქტიურად მუშაობს – ეს იყო საქართველოს იმიჯი. ჰაბის ფუნქციაც – ამ ქვეყნებთან ევროპის დაკავშირება იყო და პირიქით. ევრაზიულ ბაზრებზე დამოკიდებულება – არ მგონია, რომელიმე ქართველს უნდოდეს. ვფიქრობ, პირიქით, საქართველო რომ ვართ, ღირებულებების და სტანდარტების ქვეყანა რომ ვართ და ჩვენ რომ გვაქვს განვითარების ბერკეტი, ეს უნდა იყოს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. აქვე დაგიანონსებთ, რომ დავასრულეთ მუშაობა ევროპული ბიზნესკლიმატის ანგარიშზე – სამუშაო ვერსია უკვე მზად გვაქვს და 10 დეკემბერს მისი პრეზენტაციაც შედგება.
დიახ, ანალიტიკა–მ დააანონსა ფორუმი და ანგარიში ...
შემიძლია რამდენიმე მინიშნება ახლაც გავაკეთო – პოლიტიკური არასტაბილურობა, რა თქმა უნდა, ისევ ტოპ პრობლემაა, უნარების დეფიციტი, ბაზრის სიმწიფე – ეს ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია და პერსონალურად მე მხოლოდ ერთ გამოსავალს ვხედავ: საქრთველომ შეინარჩუნოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმისთვის, რომ მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი. მხოლოდ ასე შეგვიძლია გადავარჩინოთ ეკონომიკა საქართველოში. სხვა გზას მე ვერ ვხედავ.
რა სიგნალია ევროპელი ინვესტორებისთვის ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის და ამბობს – პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები – მათ შორის, ევროპელი ელჩები – არ დავპატიჟეთო.
მე არ ვარ პოლიტიკოსი.
არც მე მიგათრევთ მაგ მიმართულებით.
ამიტომ არ მიწყინოთ, თუ მხოლოდ ჩემს პერსონალურ მოსაზრებას გაგიზიარებთ. მენეჯერი ვარ. ეს არის ჩემი პროფესია. მე მინდა, რომ დავინახო საქართველო კარგი მმართველობით. როგორც უკვე აღვნიშნე, ეკონომიკა გაუარესების გზას ადგას. ჩვენ გვჭირდება მენეჯერები, რომლებსაც აქვთ ორგანიზების და ერთად მუშაობის უნარი. კიდევ ერთხელ – ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა – ბევრი რამ ხდება საქართველოში: საპროტესტო გამოსვლები, პარლამენტში პროცესები – ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ ხისტი წითელი ხაზების გავლება. ადამიანებმა უნდა დაიწყონ ერთმანეთთან კომუნიკაცია, ეკონომიკის სასარგებლოდ. ეკონომიკა ზარალდება და თუ ასე გაგრძელდება ეს ზარალი კიდევ და კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ადამიანებმა უნდა მოძებნონ გამოსავალი. ბოდიშს მოვითხოვ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს – როგორ. მაგრამ ვიცი, რომ გამოსავლის პოვნა აუცილებელია იმისთვის, რომ ეკონომიკამ განვითარება განაგრძოს. რუსული კანონი – რომელზეც უკვე ერთი წელია, რაც ვლაპარაკობთ – ეს კანონი აზიანებს ბიზნესგარემოს. ის ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. ბოდიში, მაგრამ მე არ ვარ უცხოეთის აგენტი – პირიქით, მე საქართველოს აგენტი ვარ – საქართველოს ეკონომიკას ვეხმარები წარმატების მიღწევაში. მოდი, თვალი გავუსწოროთ ამ მოცემულობას და გავაუქმოთ ეს კანონი. ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი. ევროკავშირის 9 პირობის შესრულება არასდროს ყოფილა დაკავშირებული პოლიტიკასთან, მისი მთავარი დანიშნულებაა ძლიერი ეკონომიკის შექმნა ადამიანებისთვის – მათთვის დასაქმების მეტი შესაძლებლობის უზრუნველყოფა და საბოლოო ჯამში, მეტი ფული მათ ჯიბეში.
გამოდის, ამბობთ, რომ დაბალი ინფლაცია და მაღალი ეკონომიკური ზრდა – ეს კომბინაცია, რომელიც ახლა აქვს საქართველოს და რომელიც მოდი პირდაპირ ვთქვათ, ეხმარება ხელისუფლებას მათ შორის იმითაც, რომ ქუჩაში ბევრი ხალხი არ გადის – ვერ შენარჩუნდება თუ პოლიტიკური გაურკვევლობა მაღალი დარჩება. ფიტჩ რეიტინგსმა გვითხრა, რომ გაურკვევლობა მათი პროგნოზით იმაზე დიდხანს შენარჩუნდება საქართველოში, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ ..
არც ეკონომისტი ვარ. შეხვედრაზე ვიყავი მსოფლიო ბანკთან და სხვა ხალხთან, ვინც საუბრობდა, რომ საქართველოს ეკონომიკა კარგად იზრდება. მრგვალი მაგიდის ფორმატი იყო. ძალიან გამიკვირდა. მე სპეციფიკურად მხოლოდ ევროპულ მხარეს ვმუშაობ – ევროპელ ინვესტორებთან და ქართულ კომპანიებთან, რომლებიც ექსპორტზე გადიან ევროკავშირის ბაზრებზე. ჩვენთვის მდგომარეობა დრამატულია. კარგია, ეკონომიკის რიცხვებში დანახვა, პროგნოზებში და ა.შ., მაგრამ მეეჭვება, რომ შენარჩუნებადი იყოს. ეს ძალიან მოკლევადიანი პერსპექტივაა, რაც ახლა გვაქვს. საქართველო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ამ საშინელი სიტუაციის გამო. პარტნიორები საჭიროა. სტაბილური სავაჭრო პარტნიორები საჭიროა. ჩვენს გარშემო მთელი გეოპოლიტიკური სიტუაცია ვითარდება – არავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს. ერთი წლის მანძილზე, ყველაფერი შეიცვალა. საქართველოს სჭირდება იქ ყოფნა. საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ადგილობრივი პოლიტიკით იყოს მხოლოდ დაკავებული. საქართველოს სჭირდება კარგი მენეჯერი, კარგი კომუნიკატორი მსოფლიოს ყველა კუთხეში, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება – ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ამ მხარემ ერთად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ეკონომიკა გაიზარდოს და ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. ეს უნდა იყოს ყველასთვის საერთო იდეა დღეს.
აი, თქვენს მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ უფრო კონკრეტულად. თქვენთვის რა ქმნის დღეს მთავარ გამოწვევას?
პირველი პროდუქტებით ვაჭრობა – საქართველოში ხარისხიანი პროდუქტი შემომაქვს, ბელგიური პროდუქცია – ბოლო 2 წლის განმავლობაში თითქმის არაფერი გამიყიდავს. ეს ნამდვილად არ არის ჩემი პერსონალური პრობლემა. არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარი არ არის მზად ხარისხიანი პროდუქციისთვის. იაფი პროდუქტები შემოდის ბაზარზე, უფრო დაბალი ხარისხის და ჯამურად, სტანდარტი ქვევით იწევს. ეს ნამდვილად დიდი გამოწვევაა. 100–ზე მეტ ევროპულ კომპანიას აერთიანებს ევროპის ბიზნესასოციაცია. რასაც ვაკვირდები, ყოველდღიურად, ეს ფრუსტრაციაა. მესმის, რომ ადამიანები – ქვეყანას კი არ ტოვებენ, მათი რაოდენობა მცირეა, რომლებმაც უკვე დატოვეს საქართველო, მათზე არ ვაკეთებ ახლა მე აქცენტს – მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან უკმაყოფილოები არიან იმით, რაც მათ გარშემო დღეს აქ, ამ ქვეყანაში ხდება. ისინი ვერ ხედავენ ეკონომიკურ პროგრესს და ამბობენ, რომ სულ მცირე, მომავალი 10 წლის მანძილზე საქართველოში ინვესტირებას აღარ განიხილავენ. ეს ყველაფერი დაგროვდება , რამდენიმე წელი უკვე დავკარგეთ, მაგრამ დანაკარგი გაცილებით მაღალი იქნება საბოლოო ჯამში თუ არ შევიცვლებით. შესაძლებლობა გვაქვს. ჯერ კიდევ არის ეს შანსი, რომ შევიცვალოთ, გავუმჯობესდეთ, ერთმანეთთან უკეთესი კომუნიკაცია შევძლოთ და პრიორიტეტად ეკონომიკა ვაქციოთ. პრიორიტეტი მივანიჭოთ ბიზნესის განვითარებას, ფოკუსით – მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტზე. კიდევ ერთ რამეს მინდა, გავუსვა ხაზი – გამოწვევად ვხედავ კანონმდებლობას. ბოლო ერთი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების ფონზე, არანაირი პროგრესი არ შეინიშნება კანონმდებლობის თვალსაზრისით, გამართული კანონების თვალსაზრისით. და უფრო პირდაპირი პასუხები გვესმის, ბოლო პერიოდში, ბიზნესისგან კორუფციის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ კორუფცია დაიწყო. მცირე კორუფციას კი არ ვგულისხმობ, კორუფციას საკანონმდებლო დონეზე. კანონების მიღება გარკვეული ბიზნესების სასარგებლოდ.
მცირე წრეს რომ აწყობს?
დიახ. მცირე წრე რომ პოულობს სარგებელს. მაგალითად – საბანკო სექტორისთვის. ვხედავ ბანკებს, რომლებიც სამ სადაზღვევოზე მეტს ფლობენ. დიდი ქოლგა აქვთ შექმნილი, ვისაც ანგარიში მათთან აქვს გახსნილი, მათ დაზღვევის პაკეტსაც თავისივე სადაზღვევოში სთავაზობენ – ეს წესების დარღვევაა, სიფრთხილეა აქ საჭირო. ჩვენ უკეთესი ეკონომიკა არ გვექნება, თუ ეს მსხვილი ბიზნესები ერთად დაჯგუფდებიან და ამით, შედარებით მცირე ბიზნესს განვითარების შანსს წაართმევენ. საგადასახადო მიდგომა კომპანიასთან, ფული, რომელიც ბიუჯეტში შედის, მოდის მცირე და საშუალო ბიზნესსექტორზე. ისინი არ იყენებენ კავშირებს და პატიოსნად იხდიან გადასახადებს. 1000 ასეთი კომპანიის ნაცვლად, შეიძლება მილიონი ასეთი კომპანია გვყავდეს – აი, ეს იქნება საქართველოს ეკონომიკის განვითარების რეალური საფუძველი.
თქვენს უკან ბანერზე ვკითხულობ – საქართველოში ბიზნესის წარმოება იგივე იქნება, რაც ბიზნესის წარმოება ევროპაში – კიდევ გჯერათ ამის?
აბსოლუტურად. ამაში რწმენას არასდროს დავკარგავ. ბოლომდე მჯერა, რომ საქართველოს სწორედ ეს სჭირდება: ევროპული კანონმდებლობა საქართველოში იმისთვის, რომ ინვესტორებს გაუჩნდეთ ნდობა, ბიზნესს გაუჩნდეს ნდობა, სამართლიანი თამაშის წესების რწმენა. საქართველოს შეუძლია იყოს უკეთესი. როცა საქართველოში პირველად 25 წლის წინ ჩამოვედი, რაც საქართველოში ვისწავლე და რაც ევროპაში მაკლდა ის არის, რომ ადამიანებს აქვთ იდეები, ევროპაში ამას ვეღარ ხედავ – გიჟური იდეების სივრცე არსებობს საქართველოში. ამან მიმიზიდა საქართველოში. ახლა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ყველაფრის განხორციელება შეგვიძლია. მოდი, ახლა მეტი ყურადღება დავუთმოთ სტარტაპებს. საქართველოში ბევრი სტარტაპია – რატომ გარბიან საქართველოდან? რატომ ვერ ვახერხებთ, საქართველოში შევქმნათ ბაზა სტარტაპ–კომპანიების? რატომ უნდათ მათ სანფრანცისკოში ან ბრიუსელში? არადა, ეს სტარტაპები შეიძლება ქვეყანაში დარჩნენ, აქედან გაიზარდონ. ეს გვჭირდება. ამის მიღწევა გვჭირდება.
დღეს სტარტაპებს ამის შანსი მაინც აქვთ, გავიდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და იქ მიიღონ. თუ პოლიტიკური იზოლაცია გაგრძელდება დასავლეთისგან – ჯერ კიდევ არ მოგვისმენია რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, დასავლეთს არ მიულოცავს ქართული ოცნებისთვის გამარჯვება, მეტიც – საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს ამ შედეგებს – და კიდევ ერთხელ, პოლიტიკისკენ არ მიგათრევთ, უბრალოდ, კონტექსტია დღეს ყველაფერი – თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება, დარჩება ასეთი შანსი? გვესმის, ჩინოვნიკების შესაძლო სანქცირების შესახებ, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების შესახებ – ესმის ეს ბიზნესს, ესმის, რა ფასი შეიძლება დაგვიჯდეს ეს ყველაფერი?
რა თქმა უნდა, ესმით. ჩვენი ასოციაციის წევრების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ თითოეული მათგანი სრულად ეთანხმება იმ განცხადებებს, რასაც ევროკავშირის ელჩი აკეთებს. პაველ ჰერჩინსკის ყოველთვის სწორი აქცენტები აქვს. ასევე ევროკავშირის სხვა ელჩებს. მათ ნამდვილად ადარდებთ საქართველოს ბედი. მათი მიზანი შიდა პოლიტიკაში ჩარევა არ არის. ცდილობენ, დაეხმარონ საქართველოს, გახდეს უკეთესი ქვეყანა. სწორედ ამიტომ ინარჩუნებენ ისინი ახლა მეტწილად მოლოდინის რეჟიმში არიან. რამდენ ხანს გასტანს ეს რეჟიმი – არავინ იცის. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მათ ადარდებთ საქართველო. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკან დასახევი გზა არსებობს. ამ ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია. როგორ? – ბოდიში, მაგრამ პოლიტიკოსებმა უნდა მოიფიქრონ, როგორ. ეს ჩემი საქმე არ არის. ამისთვის არ მიხდიან. აი, მათ კი ნამდვილად ევალებათ შემოსაბრუნებელი გზის პოვნა. უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ნორმალურობის ფარგლებში შევძლოთ კომუნიკაცია საელჩოებთან, ევროპელ პარტნიორებთან, ამერიკელ პარტნიორებთან. გზა სულ არის. შეიძლება მეტი დრო სჭირდება, მეტი ძალისხმევა სჭირდება – მაგრამ ბოლო 25 წლის განმავლობაში, საქართველოს არაერთი სირთულიდან დაუღწევია თავი და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც შეძლებს. ამის იმედი მაქვს.
და მაინც, როგორ შეიძლება ახლა პარტნიორების იმაში დარწმუნება, რომ საქართველო ზურგს არ აქცევს თავის ურყევ კურსს – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას?
შუშის ბურთი დამჭირდება ამისთვის.
კრისტალის სჯობს ..
ძალიან რთულია. ერთადერთს ვიტყვი ამ ნაწილში – რაც უფრო დიდხანს მოვიცდით, მით უფრო რთული იქნება უკან დაბრუნება. პირადად შემიძლია გითხრათ, როგორც ევროპული ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა – აქ ვარ, მზად ვარ გავიაროთ კანონმდებლობა, მზად ვარ ევროკავშირის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებზე – მთავრობასთან, ოპოზიციასთან. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენ გვჭირდება მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც ქართველი ხალხის არჩეულია. დღეს ჩვენც გაყინულები ვართ.
ჰოდა, ვინ არის დღეს არჩეული?
პირადად მე მივეცი ხმა და ამით ვამაყობ. ხმის მისაცემად გავედი. მაგრამ როგორც ბიზნესასოციაციას ჩვენ გვჭირდება ნებისმიერ მთავრობასთან თანამშრომლობა. მოქმედი, შემდეგი, კომბინირებული. მაგრამ რადგან დღეს ეჭვები არსებობს, ჩვენც გაჩერებულები ვართ. ჩვენც ვერ მივდივართ წინ. ეს ძალიან ცუდია. ჩვენც – ევროპული საელჩოების და ყველას სხვის მსგავსად – აქ ვართ, მზად ვართ განვითარებისთვის, რომ საქართველო იყოს უკეთ და რაც მთავარია, მისი ხალხის იყოს უკეთ, რომ გავაძლიეროთ ეკონომიკა.
იცით, სულ ცოტა ხნის წინ, სწორედ ამას მეუბნებოდნენ ევროპელი დიპლომატებიც. მაგრამ დღეს, მაგალითად, გერმანიის ელჩის კომენტარები აღარ არის ასეთი მოზომილი. პირდაპირ გვეუბნება, რომ გერმანიის ხმა სჭირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ ეტაპზე ეს ხმა საქართველოს არ ექნება, ამ მთავრობის პირობებში. ალბათ არც მას უნდა ასეთი მკაცრი განცხადებების კეთება, მაგრამ დღეს საქართველოს მომავალთან მიმართებით, სხვა ტიპის კითხვის ნიშნებია. როგორ ფიქრობთ, როდის მიხვდება ბიზნესი – განსაკუთრებით, მსხვილი ბიზნესი – რომ ხმა უნდა ამოიღოს და უფრო მკაფიო იყოს თავის განცხადებებში – მაგალითად, ის მაინც თქვას, რომ გლობალური ომის პარტია – ეს ცუდი რიტორიკაა საქართველოსთვის?
ეს ძალიან რთული კითხვაა. ეს რიტორიკა საარჩევნო პერიოდსაც უნდა დავუკავშიროთ. ბელგიაშიც მაგალითად ძალიან მძიმე რიტორიკით მიდის ხოლმე საარჩევნო პერიოდი. თუმცა მედიაში დიდად არ ხვდება, ეს საქართველოში ხდება, როცა მედია ძალიან აიტაცებს ხოლმე ამ ყველაფერს. არჩევნები ძალიან ცუდია ბიზნესისთვის. მოდი, ჯერ ვნახოთ, როგორ შეიძლება ეს სიტუაცია გადაწყდეს. და გავასწოროთ ეს რიტორიკა. ბელგიაში, არჩევნების დასრულების შემდეგ, დემოკრატია იღებს სადავეს საკუთარ ხელში. პარტიები ერთად სხდებიან, ამუშავებენ საერთო პროგრამებს – აქ ესეც არ არის, ვერ ვხედავთ კონკრეტულ პროგრამებს, გეგმას, რის მიღწევა სურს ამა თუ იმ პარტიას – დღეს საქართველოში ასეთი სიტუაცია არ არის. მაგრამ ბიზნესი ვერ დააჩქარებს ამ პროცესს. ჩვენ უნდა მივყვეთ. დიახ, მეც მესმის განცხადებები, რომ ბიზნესმა მეტად უნდა ამოიღოს ხმა. ჩვენ ვიღებთ ხმას. ვამბობთ, რომ მთელი ეს სიტუაცია ბიზნესს აზიანებს. მაგრამ ჩვენ, როგორც ბიზნესი ვერ ვიტყვით ვინ უნდა იყოს მთავრობაში. ჩვენი საქმეა კომუნიკაცია და კანონმდებლობის გაუმჯობესება, პრობიზნესური გარემოს შექმნა. ჩვენ არ ვართ გადაწყვეტილების მიმღებები. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ. ჩვენ მოსახლეობისთვის უკეთესი პირობები უნდა შევქმნათ. ჩვენ ეკონომიკის მხარდამჭერის როლი გვაქვს და ჩვენც გვჭირდება მხარდაჭერა მთავრობისგან, ოპოზიციისგან – მათ უნდა იფიქრონ ჩვენზე, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი საქმის კეთება.
და თქვენ მართლა გგონიათ, რომ მთავრობა, რომელმაც გააჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამას სწორედ ის ელჩები და ის ქვეყნები ამბობენ, ვისაც თქვენ ამ ინტერვიუს განმავლობაში ყველაზე ხშირად ახსენებთ – გგონიათ, რომ ამ მთავრობის ნებისმიერი კონფიგურაცია შეძლებს საქართველოს ევრო–ატლანტიკური კურსისკენ შემობრუნებას, რასაც ამდენ ხანს უსვამდით ხაზს?
მე დიდი ხანია საქართველოში ვარ და ქართველი მეოცნებე გავხდი. ქართული ოცნება კი არა ..
მე არაფერი მითქვამს ..
ქართველი მეოცნებე გავხდი. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ საქართველო თავის გზას არ აცდება. ბოლო 25 წლის განმავლობაში, ასეთი რამ რამდენჯერმე მოვახერხეთ. იმედი მაქვს, რომ ადამიანები დაფიქრდებიან და კერძო სექტორის განვითარებაზე გააკეთებენ ფოკუსირებას. ევროპული ბიზნესსექტორის განვითარებაზე. მე მჯერა ამ ხედვის, რომ საქართველოში ბიზნესის წარმოება იგივე იქნება, რაც ბიზნესის წარმოება ევროპაში. ჩვენ გვინდა ამისთვის ვიმუშავოთ, რაც მნიშვნელოვანია.