მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აუცილებელია, ანაკლიის პროექტმა დაიბრუნოს ნდობა“ – EBA

EBA

ანაკლიის ნავსადგურის პროექტში კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ, რომლის მორიგი სხდომა 20 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, დეტალურად განიხილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიების დოკუმენტაცია და მიიღო გადაწყვეტილება მომდევნო ეტაპზე ორი პრეტენდენტის გადაყვანის შესახებ.

სხდომის ფარგლებში შესაბამისი ოქმებიც გაფორმდა, რომლებსაც კომისიის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.

ანაკლიის პროექტის პერსპექტივაზე ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“ ევროპული ბიზნესასოციაციის თავმჯდომარეს ჯონ ბრეკეველდტს ესაუბრა.

-ინვესტიციების თვალსაზრისით დღეს ყველაზე მსხვილ პროექტზე – ანაკლიის პორტის პროექტზე მინდა გკითხოთ, რამდენად რეალისტურია ის პერსპექტივა, რასაც მთავრობა პროექტისთვის სახავს?

-მე ამ სიტუაციას ვაფასებ, როგორც ევროპული ბიზნეს–ასოციაციის გადმოსახედიდან, ასევე – ლოგისტიკის სფეროში ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. პორტი საჭიროა. საქართველოს ძალიან სჭირდება კარგი ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, მშვენიერი დროა, რომ ეს მივიღოთ, შევამციროთ ხარჯი.

მთავრობამ განაცხადა, რომ პროცესს თავისით დაიწყებს – კი, ბატონო – მაგრამ ნუღარ მოვიცდით, ავაშენოთ. ვიცით, რომ ანაკლიის პროექტთან მიმართებით დიდი კონკურენცია არ ყოფილა, ბევრი ინვესტორი არ ჰყოლიათ. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი – გეოპოლიტიკური, ომი უკრაინაში, სიტუაცია ყარაბახში, გაურკვევლობა აქ მაღალია – მაგრამ ასევე – მიმაჩნია, რომ ის ფაქტი, რომ ამ პროექტის საქმე სასამართლოშია, პროექტს იმიჯს ძალიან უფუჭებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პორტის მშენებლობა დაიწყოს, მაგრამ ამასთან, დაცული იყოს ევროპული სტანდარტები. აუცილებელია, მთელი პროცესი იყოს გამჭვირვალე და ამ პროექტმა დაიბრუნოს ნდობა.

-ევროპული სტანდარტებია გასათვალისწინებელი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ამ პროექტში, თუ თავად ინვესტორებიც? მთავრობამ თქვა, რომ ლუქსემბურგულ–შვეიცარიული და სინგაპურულ–ჩინური ინვესტიციების მოზიდვის რეალური შესაძლებლობა აქვს. ინვესტიციების წარმომავლობას აქვს მნიშვნელობა?

-შესაძლოა, ოდნავ უცნაურად მოგეჩვენოთ ჩემგან – ევროპული ბიზნეს–ასოციაციის პრეზიდენტისგან – მაგრამ მე არ ვიტყვი, რომ გვჭირდება ევროპელი, თუ ჩინელი თუ ამერიკელი ინვესტორები – ჩვენ გვჭირდება ინვესტორი, რომელიც სტანდარტს სცემს პატივს, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და მის მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები არ გაჩნდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ინვესტორი ჩინელია და არა – ევროპელი, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის დაიცავს ინვესტირების დასავლურ სტანდარტს. და აქ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, აუცილებელია სრული გამჭვირვალობა პრეტენდენტების შესახებ, რას სთავაზობენ ისინი სახელმწიფოს – რომ ჩვენც დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად საუკეთესო კომპანიამ მოიგო ტენდერი და უმაღლეს სტანდარტს დაემორჩილება. აქ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიღებული მხოლოდ ფასის გათვალისწინებით, რაც, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია.

-სწორი დროა ახლა ამ პროექტში ინვესტორების მოსაზიდად? თქვენვე ახსენეთ დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარება და საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა ამ პროექტის ირგვლივ – მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი გარისკავს ასეთ ვითარებაში ხელი მოჰკიდოს პროექტს?

-მე ერთს გეტყვით – ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო 10 წლის წინ. უკვე ძალიან დაგვაგვიანდა. ჩვენ – და მე მინდა ამ გზავნილს ხაზი გავუსვა – ვკარგავთ შუა კორიდორს. ძალიან მძიმეა ამის ასე თქმა, მაგრამ რუსეთ–უკრაინის ომის გამო, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ბოლოს და ბოლოს განგვევითარებინა საქართველო, როგორც ლოგისტიკური ჰაბი. ერთ წელზე მეტია ეს ომი მიმდინარეობს, შუა დერეფანი ამუშავდა, მაგრამ კომერციულად მიმზიდველი მაინც არ არის. ომი დასრულდება და ტვირთი ისევ რუსეთის მარშრუტზე დაბრუნდება. მეტსაც გეტყვით, თურქეთის წარმომადგენლებთან მქონდა საუბარი და მათ მითხრეს, რომ თურქეთი უკვე გვერდს უვლის შუა დერეფანს და ცდილობს ახალი დერეფნის შექმნას, რომელიც ირანზე გაივლის. ეს ყველაფერი ჩვენთვის ხელიდან გამოცლილი შესაძლებლობებია. იმისთვის, რომ შუა დერეფანმა იმუშაოს, სამი მთავარი ფაქტორია: პირველი – რის ნაწილიც ანაკლიის პორტის პროექტიც არის – ინფრასტრუქტურა: აუცილებელია კარგი ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომ ფასად; მეორე – ბიუროკრატიის შემცირებაა: ტვირთმა ბევრად სწრაფად უნდა იმოძრაოს – ტვირთის გასატარებლად საჭირო დოკუმენტების ადმინისტრირება სწრაფად უნდა მოხდეს – და მესამე – მთავრობამ და ეს უკვე დაიწყო, მაგრამ მეტის გაკეთებაა შესაძლებელი ამ მიმართულებით, აქტიური კომუნიკაცია უნდა დაამყაროს ამ ნაწილში პარტნიორებთან – კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია, ჩინეთი – ეს კომუნიკაცია აწყობილი უნდა იყოს იმისთვის, რომ შუა დერეფანი მართლაც გაცოცხლდეს. ამდენად, დღეს დიახ ეს შესაძლებლობა ჩანს – შუა დერეფანი – მაგრამ ისევ ლოგისტიკის სპეციალისტის გადმოსახედიდან ვიტყვი, რომ ის ჯერ კიდევ არ არის კომერციულად მიმზიდველი. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე – ანაკლია უნდა ავაშენოთ – იმის მიუხედავად, რომ გეოპოლიტიკურად რთული ვითარებაა – ჩვენ ვეღარ მოვითმენთ – ანაკლიის პროექტი უნდა დავიწყოთ და რაც შეიძლება, მალე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები