მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოუსმინეთ IMF-ს“ – EBA

ჯონ ბრეკეველდტ

საერთაშორისო სავალუტო ფონდში კარგად იციან, რა სიტუაციაა ქვეყანაში – ამის შესახებ ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA) თავმჯდომარემ ჯონ ბრეკეველდტმა „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ორგანიზაციები საქართველოს პარტნიორები და მხარდამჭერები არიან, ამიტომ მათი აზრის მოსმენა და გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგრამა ამ დროისთვის შეჩერებულია. ეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურა.

“პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის განახლების აუცილებლობას,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ის, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერებულია უკვე წინა კვირას საქართველოში ფონდის მისიის ხელმძღვანელის ჯეიმს ჯონის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილ წერილობით პასუხში იკითხებოდა.

“ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს,”- აღნიშნავდა ჯეიმს ჯონი BMG-ისთვის გამოგზავნილ პასუხში.

სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის შეჩერება პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს უკავშირდებოდა. IMF-თან არსებული პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობას აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომ მათ შორის ფინანსური სისტემის რეგულირებასთან დაკავშირებით ფონდთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდებოდა, თუმცა სებ-ში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოყვანა სწორედ ასეთი ნაბიჯი იყო.

„მე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია – მოუსმინეთ IMF–ს. ისინიც გვისმენენ. ჩვენც გვაქვს მათთან შეხვედრები. გასულ თვესაც გვქონდა კონსულტაციები. ისინი აზრს გვეკითხებიან. მათ იციან, რა სიტუაციაა ქვეყანაში. მათ განცხადებებს უნდა მოვუსმინოთ. ისევე როგორც ევროკავშირს. უნდა მოვუსმინოთ და გავიგოთ, რას გვეუბნებიან,“ – ამბობს ჯონ ბრეკეველდტი „ანალიტიკა“–სთან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები