ღვინის ეროვნული სააგენტოს ექს-უფროსის და მეღვინეობის დარგის მართვის მაგისტრის განცხადებით, საქართველოდან კვლავ დიდი რაოდენობით იაფი სეგმენტის ღვინო გადის ექსპორტზე.
გიორგი სამანიშვილმა ამის შესახებ BMG-ის ღვინის ექსპორტის კლების ტენდენციის შეფასებისას განუცხადა.
საქმე ისაა, რომ მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 122 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წლიურად 22%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
სამანიშვილის შეფასებით, ექსპორტის კლების მთავარი მიზეზი რუსეთის მხრიდან შარშან მაისში ალკოჰოლურ სასმელებზე გაზრდილი აქციზია. მისი განცხადებით, მომდევნო პერიოდში ღვინის ექსპორტი სავარაუდოდ, ძველ მაჩვენებლებს დაუბრუნდება, თუმცა გამოწვევად კვლავ რჩება შედარებით დიდი რაოდენობით იაფი სეგმენტის ღვინის ექსპორტი.
„წელს ღვინის ექსპორტის კლების ძირითადი ახსნა რუსეთის ბაზარს უკავშირდება. შარშან აქციზის გაზრდის გამო ხელოვნურად იყო გაზრდილი გადაზიდვები, ანუ იმპორტიორებმა იმაზე მეტი წაიღეს, ვიდრე სჭირდებოდათ, რომ შემდეგ ეკონომია გაეკეთებინათ. ნელ-ნელა ეს დარეგულირდება და ლოგიკურ რაოდენობას დაუბრუნდება. ჯამურად თუ ავიღებთ სხვა მიმართულებებს, მცირედი მატებაც არის. თუმცა გლობალურად კარგი ტენდენციები არაა მსოფლიო ბაზარზე, მხოლოდ ქართული ღვინისთვის არა, ზოგადად ღვინის მოხმარება უფრო ნაკლები ტემპებით იზრდება. ამ პირობებში, ჩვენი ღვინის იმიჯს მეტად უნდა გავუფრთხილდეთ. უნდა ვეცადოთ, რომ მათ შორის, რუსეთის მიმართულებით ხარისხიანი, მაღალფასიანი ღვინის ექსპორტი გაიზარდოს. შესაძლოა, რაოდენობაში კლება იყოს, თუმცა განმსაზღვრელი ჯამში მაინც შემოსავალია.
[ღვინის ექსპორტის კლებამ] კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ უნდა ვიმუშაოთ უფრო მდგრად ბაზრებზე, უფრო მდგრადი და მაღალი ხარისხით, უნდა ვეცადოთ უფრო მაღალ ფასში გავიდეთ. ეს პრინციპში ყველა კარგმა ღვინის მწარმოებელმა ისედაც იცის, მაგრამ მაინც პრობლემაა, რომ არაა შეთანხმებული მიდგომა. არის რამდენიმე ძალიან მსხვილი მწარმოებელი, რომლებიც ისეთ იაფ ფასიან ღვინოზე მუშაობენ, რომ საერთოდ წყალში ყრიან ხოლმე მთელი დარგის ამ წლების განმავლობაში ნამუშევარს. რაოდენობრივად ძალიან ბევრი იაფფასიანი ღვინო გადის ექსპორტზე საქართველოდან, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ზოგადად ქართული ღვინის იმიჯზე”, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.




























