ავტოიმპორტიორების ნაწილი აცხადებს, რომ 6 წელზე ზემოთ ავტომობილებზე განბაჟების მკვეთრი გაძვირების ფონზე, მომრავლდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლების ნაწილი კიდევ უფრო ძველ, 90-იანი წლების ავტომობილების შემოყვანაზე გადაერთო.
როგორც "რობანი მოტორსის" დამფუძნებელმა, ელგუჯა ჯამაგიძემ BMG-ის განუცხადა, მომხმარებლების ნაწილი არჩევანს ე.წ. ექსკლუზიურ, 90-იან წლებში გამოშვებულ მანქანებზე აკეთებს, რადგან მათი განბაჟება იაფია.
ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ ეს გარემოებაც დასტურია იმისა, რომ მთავრობის მხრიდან ავტომობილებზე აქციზის ზრდისას დასახელებული ერთ-ერთი მიზანი, რომელიც ეკოლოგიის გაუმჯობესებაში მდგომარეობს, ნაკლებად მიღწევადია.
“[განბაჟების გაძვირებისას] აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ ეკოლოგია გაუმჯობესდება, თუმცა რამდენად დადგება ეს შედეგი, საკითხავია. 6 წელზე ზემოთ ასაკის ავტომობილებზე აქციზის ზრდის ფონზე, კიდევ უფრო ძველი მანქანების შემოყვანის ტენდენციები გაჩნდა. ძალიან ბევრმა შემოიყვანა უკვე ე.წ. ექსკლუზიური, 90-იან წლებში, 1995-1996 წლებში გამოშვებული ავტომობილები, რომლებზეც აქციზის გადასახადი დაბალია. შესაბამისად, მათი ეკოლოგიური კატეგორიაც დაბალია და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით დადებით დინამიკას ვერ დავინახავთ, იმიტომ რომ იგივე მდგომარეობა იქნება, თუ არა უარესი. ეს მანქანები ზოგი არის ევრო 3-ის სტანდარტი, ზოგი ევრო 4. წარმოიდგინეთ, ევრო 5-ის სტანდარტის ნაცვლად, ვიღებთ უკან სვლას.
ბევრი ძველი მანქანა, რომელიც ზოგს გაჩერებული ჰყავდა და აპირებდა მის მოცილებას, “დაშლილებში” ჩაბარებას, ის მანქანებიც მოიყვანეს რაღაც ფორმაში და ის ავტომობილებიც შემოვიდა ისევ მოძრაობაში ქალაქში. ზუსტად ის მიზანი, რის მიღწევაც ვითომ უნდოდათ და მასზე იყო გათვლა, ის მიზანი მიღწეული არ არის”, - განაცხადა ელგუჯა ჯამაგიძემ.




























