ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის გაჩერებაზე მთავრობის განცხადება მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს ინტერესებს.
როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, ეს განცხადება მოულოდნელი იყო და მძიმედ აისახება ეკონომიკაზეც.
"ის რომ გარკვეული შეფერხება იქნებოდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ეს ჩანდა, მაგრამ თუ ასეთი ფორმით მოხდებოდა, ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო და ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ გვიწევს საუბარი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაურკვეველი ვადით გადადებაზე. ეს კარგი არ არის არა მხოლოდ ბიზნესის გადასახედიდან, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მძიმედ აისახება საქართველოს მომავლის გზასა და ეკონომიკაზეც", - აღნიშნა დაუშვილმა.
მისივე თქმით, ბუნებრივია დასავლეთიდან მომდინარე კრიტიკული რეაქციები, ვინაიდან არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნების შემდგომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაუმჯობესება მოხერხდებოდა.
"ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ გარკვეულწილად არჩევნების შემდგომ რაღაცნაირად მოხერხდებოდა ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენა და როგორც ჩანს, ეს ასე არ ხდება და ბუნებრივია რეაქციები, რომლებიც არის დასავლეთიდან, გასაგებია. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, რატომ დასჭირდათ ასეთი განცხადების გაკეთება, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დააზიანებს საქართველოს ინტერესებს",- განაცხადა თამაზ დაუშვილმა.
შეგახსენებთ, მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან", - თქვა კობახიძემ.
განცხადებას მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მოყვა, რომელიც სპეცრაზმმა გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ დაარბია. გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. შედეგად, დაშავდა არაერთი მოქალაქე, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციაზე 43 პირია დაკავებული.