მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის
პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.0 პროცენტით განისაზღვრა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული მაჩვენებლები "ძალიან ძლიერია" და რომ ეს ზრდა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებით არის განპირობებული. 

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ასევე განიხილეს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტიც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომდევნო წელს ნაერთი ბიუჯეტის ზომა 27.8 მილიარდი ლარი იქნება.

„ჩვენ დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც ჩვენ გადავაგზავნით პარლამენტში. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. მანამდე, კიდევ ერთხელ მინდა, ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციების. იცით, რომ იცით, რომ ჩვენ ბიუჯეტი დავაკორექტირეთ, 6,5%-ზე არის ნავარაუდევი წელს ეკონომიკის ზრდა, თუმცა, თავიდან იყო დათვლილი ძალიან კონსერვატიულად, 5%-ზე იყო გათვლილი წლევანდელი ბიუჯეტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ახლა გახდა ცნობილი, რომ 8 თვეში ეკონომიკის ზრდა შეადგენს 7%-ს. რაც რა თქმა უნდა, ყველა იმ ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რაც მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და რეგიონში მით უმეტეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი“, - განაცხადა პრემიერმა. 

საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 12.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.2%-ით არის გაზრდილი.

"2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და დასაწყობების და ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები