ბუტიკ-სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალური მენეჯერის ნინო ჩუბინიძის შეფასებით, ძალიან მძიმე პირველი კვარტალის შემდეგ, მეორე კვარტალში „შოთა რუსთაველის“ დატვირთულობა გაიზარდა.
საქმე ის არის, რომ 55-ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო „შოთა რუსთაველი“ თბილისში შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობს და მთავარი შესასვლელი ჭიჭინაძის ქუჩიდან აქვს, ამიტომ ნოემბერ-თებერვალში მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტი სასტუმროს დატვირთვაზე ნეგატიურად აისახა. „ბრძოლის ველზე ვართ“, - ამბობდა წლის დასაწყისში ნინო ჩუბინიძე.
"9 წელია ვოპერირებთ და ეს იყო ყველაზე მძიმე ზამთარი, რაც გვქონია. სჯობს, პირველ კვარტალს არც შევეხოთ. მარტიდან კი, სიტუაცია შედარებით გამოსწორდა და მკვდრეთით აღდგენა დავიწყეთ“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ და ვიდრე მეორე კვარტალის შედეგებს შეაჯამებდა, წუხილით აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა მაშინ ბიზნესის პრობლემები არც მოისმინა და შესაბამისად, არც გაიზიარა.
„ძალიან მძიმედ გავიარეთ წლის დასაწყისი... ჩემი ბევრი კოლეგა, ვინც ბევრად მშვიდ ლოკაციაზე მართავენ სასტუმროებს, მძიმე მდგომარეობაში იყვნენ... სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვისმინეს [იგულისხმება მთავრობის ეკონომიკური გუნდი]... ძალიან გაუჭირდათ, უბრალოდ, რეალური ფაქტების მიღება. სჯობდა, მეტად მოესმინათ ჩვენი პრობლემებისთვის რადგან ეს არ ყოფილა მხოლოდ 1-2 ობიექტის წუხილი, ეს იყო ბაზრის პრობლემა და ერთი შეხვედრაც კი არ გამართულა სასტუმრო ბიზნესთან. მე პირადად არავის დავუპატიჟივარ. შეიძლება, ვიღაცები მიიწვიეს და მე არ ვიცი“, - თქვა ნინო ჩუბინიძემ.
რაც შეეხება მეორე კვარტალის შედეგებს, ბუტიკ-სასტუმრო „შოთა რუსთაველის“ გენერალური მენეჯერი თავისი სასტუმროს მაგალითზე ჰყვება, რომ ბოლო სამი თვე სასტუმროს დატვირთულობა გაზრდილია და პირველი კვარტალისგან განსხვავებით, როცა სასტუმროს ხელფასების გადახდა უჭირდა, აპრილ-ივნისში „შოთა რუსთაველი“ ხარჯებს თავად ემსახურებოდა.
„აპრილიდან სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალა. შემიძლია ვთქვა, რომ შარშანდელ აპრილთან შედარებით, სასტუმროს დატვირთულობა 7%-ით გაიზარდა. მაისშიც ძალიან კარგი შედეგები გვქონდა, მაგრამ რადგან 2024 წლის მაისშიც დემონსტრაციები იყო ქვეყანაში, შარშანდელ მაისს ვერ შევადარებ“, - განაცხადა ნინო ჩუბინიძემ და ასევე, ისაუბრა იმ ბაზრების არასტაბილურობაზე, საიდანაც „შოთა რუსთაველს“ სტუმრები ჰყავს.
„ჩვენი ძირითადი ბაზარი იყო და არის ისრაელი და რუსეთი და ორივე ბაზარი ძალიან მოწყვლადია. მაგალითად: ისრაელ-ირანის კონფლიქტი რომ დაიწყო, მაშინვე შეიქმნა პრობლემები - უახლოეს პერიოდში შემომსვლელი სტუმრების ჯავშნების ჩახსნა დაიწყო; რუსეთთან მიმართებით კი, ჯერ ერთი, თბილისის მიმართულებით ბილეთების დეფიციტია და მეორე მხრივ, ხშირად ვერ სრულდება ფრენები უსაფრთხოებასთან დაკავშირების საკითხები გამო. მოკლედ, რეგიონში დაძაბულობა და მძიმე სიტუაცია აისახება ტურიზმზე და ჩვენი ბიზნესი ამ ყველაფრის მიმართ მოწყვლადია“, - დასძინა მან.
ნინო ჩუბინიძე იმედოვნებს, რომ ზაფხულსა და შემოდგომაზე თბილისს ტურისტები ეყოლება და შესაბამისად, „შოთა რუსთაველსაც“, მაგრამ ზამთრის სეზონის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.
„ზამთარში ალბათ ისევ დაიწყება გადარჩენისთვის ბრძოლა წესების გარეშე“, - განაცხადა მან „წერტილთან“ ინტერვიუში.




























