მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძალიან მინდა უძრავ ქონებაზე ფასების კლება დავაანონსო, მაგრამ ეს ილუზიაა“ – Lemons Group

ლემონს ჯგუფი

უძრავ ქონებაზე ფასი იყო ამჯერადაც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ თემა, თუმცა სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კლების წინაპირობა ბაზარზე არ არსებობს.

საკონსულტაციო კომპანია Lemons Group-ის დამფუძნებელი ირინე მელიმონაძე ამბობს, რომ მინიმუმ მომდევნო 2-წლიან პერსპექტივაში ფასი ეკონომ და მედიუმ სეგმენტში ვერ შემცირდება. მინიმალური კლება კი შესაძლოა, მოთხოვნის შესუსტების შემთხვევაში პრემიუმ კატეგორიაში დაფიქსირდეს.

„2021 წელს პროექტები, რომელიც გვქონდა გასაყიდად, გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე 2023 წელს, ამიტომ თუ პროპორციულად დაითვლით რადიკალური ცვლილება არ გვაქვს. ბაზარზე სტაბილურია მოთხოვნაც და მიწოდებაც, იყო მოსაზრება რომ მიწოდებაა მაღალი, რაც ასე არ არის.

2023 წლის ბოლოს, 2024 წლის დასაწყისისთვის დაფიქსირდა ტენდენცია, რომ უკვე დიდი მომართვიანობაა თბილისშიც, რაც პირდაპირ ტრანზაქციებში ჯერ ასახული არ არის, თუმცა ველოდებით, რომ პირველი კვარტალი ამ მხრივაც უფრო საინტერესო იქნება. ჩვენი თბილისის ბევრ უბანში ვართ წარმოდგენილები და ასევე პროექტები გვაქვს ბათუმსა და შეკვეთილშიც.

ძალიან მინდა, რომ ფასების კლება დავაანონსო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არა მხოლოდ გაყიდვებში, არამედ შესყიდვების ნაწილიც მიწევს ჩახედვა, ვფიქრობ, რომ ფასების ვარდნის ილუზია, მე ვეძახი ასე და ბოდიშს ვიხდი ყველა სფეროს წარმომადგენლის წინაშე ვინც შეიძლება სხვაგვარად ფიქრობდეს, ეს არის უბრალოდ ილუზია და არ ვიცი რატომ ხდება ამაზე მიზანმიმართული კომუნიკაცია, სატელევიზიო თუ სხვა ნაწილში.

ვერაფრით ვერ შემცირდება ფასი ბაზარზე მით უფრო იმ პროცენტულობით როგორც საუბარი მიდის. მუშახელი სასწაულად დეფიციტურია, მასალების მოწოდება იმდენად გართულდა სამეზობლოში მიმდინარე პროცესების ფონზე, რომ ფიზიკურად რადიკალური ვარდნა ვერ იქნება.

აბსოლუტურად ვარაუდის დონეზე, შესაძლებელია პრემიუმ სეგმენტზე, სადაც კვ.მ-ის ფასი თუ არის 4 000 - 5 000$ იქ შეიძლება 100-200$-იანი კლება დაფიქსირდეს. თუმცა ესეც ვარაუდია, რადგან პრემიუმ სეგმენტზე მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალია და მიწოდება მცირეა. ამიტომ მომდევნო 2 წელი მაინც ბაზარს რაიმე ვარდნის ტენდენციას არ ვუწინასწარმეტყველებ“, - განაცხადა Lemons Group-ის დამფუძნებელმა & ბიზნესის განვითარების კონსულტანტმა ირინე მელიმონაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები