მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველო არის ჰაბი რეპროდუქციულ მედიცინაში" - ნინო მუსერიძე

ნინო მუსერიძე

იტალიის დედაქალაქ რომში გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის მე-40 საიუბილეო მსოფლიო კონგრესი მიმდინარეობს - მასშტაბურ სამედიცინო ფორუმზე საქართველო უპრეცედენტოდ დიდი, 100-კაციანი დელეგაციითაა წარმოდგენილი. საქართველოს ონკოფერტილობის ასოციაცია კონგრესის ფარგლებში სიმპოზიუმს მართავს, ხოლო ქართულ საგამოფენო სივრცეს ასოციაცია და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი (GGRC) ერთობლივად წარმოადგენენ.

როგორც GGRC-ის დამფუძნებელი და კლინიკური დირექტორი, პროფესორი ნინო მუსერიძე "საქმიანი დილას" ეთერში, იტალიიდან პირდაპირი ჩართვისას აცხადებს, ქართული დელეგაცია ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია კონგრესზე, რაც ქვეყნისთვის უდიდესი აღიარებაა.

"ამ კონგრესზე ჩვენ საქართველოს სახელით გავდივართ და მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი პირველი დელეგაციაა, რომელიც ასე მრავალრიცხოვანი ადამიანებით არის წარმოდგენილი; ესენი არიან ექიმები, სტუდენტები და რეზიდენტები. ჯამურად 100-მდე დელეგატია რომში.

მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს სახელით ბევრი გამომსვლელია, ტარდება სიმპოზიუმიც, ვცვლით ჩვენს გამოცდილებას, ასევე ვუზიარებთ იმ კვლევებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მედიცინა 24 საათის განმავლობაში კი არა, წუთებსა და წამებში ვითარდება დღევანდელ დღეს, მით უმეტეს, როდესაც უკვე AI შემოვიდა მსოფლიო ბაზარზე", - აღნიშნავს ნინო მუსერიძე.

როგორც GGRC-ის დამფუძნებელი BMG-სთან ამბობს, საერთაშორისო აღიარებას თან სდევს მაღალი ნდობაც. ამჟამად GGRC ოთხ დიდ საერთაშორისო კვლევაშია ჩართული, რომელიც ქვეყნის დემოგრაფიული სურათის გაუმჯობესებას ემსახურება და უახლოეს მომავალში კიდევ ოთხი ახალი პროექტის დაწყება იგეგმება.

"როდესაც საქართველოს სახელით გამოდიხარ, შემდეგ ჩნდება ნდობა შენს მიმართ. ნდობა იმისა, თუ როგორ ვითარდება სფერო. გარდა ამისა, ნდობას მოაქვს საერთაშორისო კვლევები, რომლებშიც ჩართულები ვართ. GGRC-ში დღევანდელ დღეს უკვე ოთხი საერთაშორისო კვლევა მიმდინარეობს, შემოთავაზება გვაქვს კიდევ ოთხ ახალ კვლევაზე", - ამბობს მუსერიძე.

კლინიკური დირექტორის თქმით, წარმატებული საერთაშორისო გამოსვლების სერია გრძელდება. რომის შემდეგ, ივლისში, ლონდონში ESHRE-ს კონგრესზე, კვლავ გაიმართება ქართული სიმპოზიუმი. ხოლო 12-13 სექტემბერს თბილისი უკვე მეშვიდედ უმასპინძლებს ყოველწლიურ მასშტაბურ კონფერენციას. ასევე გაიმართება ამერიკელი სპეციალისტების სიმპოზიუმი ძუძუს კიბოს მიმართულებით და IFFS-ის სიმპოზიუმი, რომელიც მთელი ამიერკავკასიის რეგიონს მოიცავს.

GGRC-ის დამფუძნებელმა "საქმიანი დილას" ეთერში ასევე აღნიშნა, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით საქართველო საერთაშორისო ჰაბად ჩამოყალიბდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო დღეს არის ჰაბი ამ სფეროში. ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ აი ამ საზღვრების გარღვევით პრაქტიკულად შევძელით, რომ დღეს ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა სიახლე გვაქვს დანერგილი, რაც კი არსებობს მსოფლიოში. მაგალითად, სულ 13 ქვეყანას აქვს დანერგილი Erica - ტექნოლოგია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით უნაყოფობის მკურნალობაში - და მინდა გითხრათ, რომ GGRC-ში ეს უკვე დაინერგა და მეორე წელია, ჩვენთან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ინ ვიტრო განაყოფიერება იწარმოება", - აღნიშნა ნინო მუსერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები