პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის აზრით, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისთვის და ასევე ადამიანის უფლებების დაცვისთვის კონკურენციის არსებობა და ზრდა მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიანი დილის ანალიტიკაში“ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა და კონკურენციის ზრდის მნიშვნელობას რამდენჯერმე გაუსვა ხაზია. “კონკურენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და ეკონომიკური კატეგორია იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული“, - თქვა ირაკლი კოვზანაძემ და აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ ბაიდენის სიტყვები მოიშველია.
„ძალიან მომწონს პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვები - კაპიტალიზმი კონკურენციის გარეშე არის ექსპლუატაცია; ეს <კონკურენცია> არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ ყველა მიმართულებით ზრდა გვქონდეს ეკონომიკაში და ამ მიმართულებითაც წინ წავიდეთ. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ ქართული ბიზნესების კონკურენცია გაიზარდოს და საქართველოში ახალი ბიზნესები შემოვიდნენ “, - თქვა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
BMG-სთან შემაჯამებელ ინტერვიუში ირაკლი კოვზანაძემ 2022 წლის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ გამოწვევად მაღალი ინფლაცია დაასახელა და იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკი თავისი სწორი ნაბიჯებით ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას შეძლებს. „2022 წლის განმავლობაში ინფლაცია კლებისკენ უნდა წავიდეს“, - დასძინა ირაკლი კოვზანაძემ.




























