ტურისტული კომპანია Travelshop-ის დამფუძნებელი და სასტუმრო The 10-ის მფლობელი ნიკა მანჯგალაძე იმედოვნებს, რომ ე.წ. „რუსული კანონის“ მიღების გამო, ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას არ შეაჩერებს.
ამ თემაზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, სინამდვილეში, ყველას ეხება.
„ძალიან რთულია {რუსული} კანონის მიღება რაღაცა კუთხით მაინც გაამართლო. შეიძლება, ადამიანმა იფიქროს, რომ მსგავსი ტიპის კანონი საჭიროა ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რომელიც განვითარების გზაზეა, მაგრამ როცა საქართველოში არ არსებობს გამართული და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, სადაც პრობლემების შემთხვევაში, მოქალაქე სამართლის დასადგენად მივა, იქ მთავრდება ყველაფერი.
ამ {რუსული} კანონის ამოქმედების გამო, შეიძლება გაიზარდოს იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც საქართველოს დატოვება მოუნდება... ასევე, რისკია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების ანუ შეიძლება, მარტივად, როგორც ახლა ვერ წავიდეთ ევროპაში... Wizz Air-ის იმ ხომალდებზე, რომელიც საქართველოშია ბაზირებული, ძირითადად, ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან დასაქმებული და ყველა ხომ უმუშევარი დარჩება?! ან კიდევ „ჯორჯიან ბასი“ თუ „ომნი ბასი“, რომელთაც მგზავრები გადაჰყავთ თბილისიდან ქუთაისისკენ და ა.შ. ხომ დარჩებიან მგზავრების გარეშე?! ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამდენად, ეს კანონი აბსოლუტურად ყველას შეგვეხება“, - თქვა ნიკა მანჯგალაძემ.
- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?
- ძალიან პრაგმატული და საღი აზროვნება გვჭირდება და ამ ქვეყნის ძალიან დიდი სიყვარული. ასეთი მოვლენები როცა ხდება, სულ ვფიქრობ - ნუთუ ვიღაცას ასე არ უყვარს ეს ქვეყანა?! და არ მესმის... ძალიან მტკივნეულია, როცა უყურებ, რა სჭირს ამ ქვეყანას; არადა, ერთი წლის წინ უფრო ნორმალურად ვიყავით.
- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?
- სიჯიუტეს და ჯიბრში ჩადგომას...
- ვინ ვის უდგას ჯიბრში?
- მგონი, ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ რაღაც მომენტში ორივე მხრიდან ბალანსი იყოს. არ მინდა, ვიფიქრო, რომ 84 ადამიანს პარლამენტში და სხვებს, არ უყვართ ეს ქვეყანა და არც ის მინდა ვიფიქრო, რომ ამ საქართველოს საშველი არ არის.