"ძალიან ვწუხვარ, რომ პირველად 83 წლის განმავლობაში, "ამერიკის ხმა" იძულებულია დადუმდეს", - ასე ეხმაურება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას „ამერიკის ხმის“ დირექტორი მიხაილ აბრამოვიცი LinkedIn-ზე გამოქვეყნებული განცხადებით.
მისი თქმით, "ამერიკის ხმას" მნიშვნელოვანი როლი აქვს ნათამაშები მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც შემცირდება 7 ფედერალური სააგენტო, მათ შორის USAGM, რომლის შემადგენლობაშიცაა "რადიო თავისუფლება" (RFE/RL) და"ამერიკის ხმაც". ბრძანება, რომელიც ხელმოწერილია 14 მარტს, ასევე ეხება სააგენტოებს, რომლებიც აგვარებენ უსახლკაროების საკითხებს, შრომით დავებს და მუშაობენ მუზეუმების, ბიბლიოთეკების და საზოგადოებრივი თემების განვითარებაზე.
RFE/RL-ის პრეზიდენტი სტივენ კაპუსი ამბობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება საგრანტო შეთანხმების შეწყვეტის შესახებ "ამერიკის მტრებისთვის უზარმაზარი საჩუქარი იქნება".
აღსანიშნავია, რომ "ამერიკის ხმა", რომელიც 1942 წელს ნაცისტური პროპაგანდასთან ბრძოლისთვის შეიქმნა, ყოველკვირეულად 360 მლნ ადამიანს აწვდის ინფორმაციას. ის შედის სააგენტო USAGM-ში, რომელიც ჯამში 3500 ადამიანს ასაქმებს. მისი 2024 წლის ბიუჯეტი 886 მლნ დოლარი იყო.