მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძირითადი გაუქმებები MICE ტურიზმის კუთხითაა" - სექტორს ეკონომიკის მინისტრი ხვდება

გიორგი დოლიძე

ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სექტორი ხვდება. როგორც HSC Group Hospitality დირექტორმა და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველმა, გიორგი დოლიძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ის ელოდება, რომ შეხვედრისას მიმდინარე პროცესებზე იმსჯელებენ.

როგორც მან აღნიშნა, როცა საპროტესტო აქციები დაიწყო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მათ დაუკავშირდა. „იყო მოკლევითი ხასიათის კითხვები, აინტერესებდათ რა სახის დატვირთულობა გვქონდა. 2-3 დღეში ვაწვდიდით ინფორმაციას. როგორც ჩანს, ადმინისტრაციამ ჩათვალა საჭიროდ მსგავსი ტიპის შეხვედრა“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო, მიმდინარე აქციების შედეგად, სასტუმრო ბიზნესი დაზარალდა, განსაკუთრებით კი ეპიცენტრში - რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმროები.

„ძირითადი დარტყმა მიიღო უშუალოდ იმ სასტუმროებმა, რომლებიც არიან აქციების ეპიცენტრში. ვგულისხმობ, რუსთაველის გამზირზე მყოფ დიდ ობიექტებს. ძირითადი გაუქმებებია MICE ტურიზმის კუთხით. კონფერენციები გაუქმებულია გამომდინარე იქიდან, რომ ისინი წინასწარ იგეგმება ხოლმე, ყველაფერი დროში გაწერილია. არის კითხვები უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადაადგილებასა და იმ კომფორტზე, რაც უნდა შევთავაზოთ ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.

რაც შეეხება სასტუმრო Glarros OldTown-ს, დოლიძე ამბობს, რომ აპრილში უპრეცედენტოდ მაღალი დატვირთულობა ჰქონდათ, მაისში კი ჯავშნების 10% გაუქმდა.

„რაც შეეხება მაისს, თვის დასაწყისში ვვარაუდობდით, რომ აქციების ფონზე უნდა გაუქმებულიყო ჯავშნები 15-20%-ით, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში გაუქმებამ 10%-ს არ გადააჭარბა.

დღესაც 85%-იანი დატვირთულობა გვაქვს და ვფიქრობთ რომ, მაისის ბოლომდე საშუალო პროცენტმა 90%-ს უნდა მიაღწიოს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ზაფხულის ჯავშნები ჯერჯერობით გაუქმებული არაა, - „ვვარაუდობთ ისევ 80-90%-იან დატვირთულობას, თუმცა ჯერ ისევ ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. ტურიზმი არის ის მოწინავე დარგი, რომელსაც პირველი ეხება ასეთი დისკომფორტი“.

Bm.ge-მ სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენელს კითხვა „რუსული კანონის“ გავლენასა და მისგან მომდინარე ზიანზეც დაუსვა, რაზეც დოლიძემ აღნიშნა, რომ ის, თუ რომელ სფეროს შეუშლის ეს ხელს, „უფრო პოლიტიკური სამსჯელოა“.

„რაც შეეხება ბიზნესს, პირდაპირი ასახვა შპს-ებზე და იმ ინვესტიციებზე, რომლის მოზიდვასაც ჩვენ ვცდილობთ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პირდაპირ ეხება სხვა სფეროს წარმომადგენლებს... ამ ეტაპზე, ნაკლებად მგონია რომ რომელიმე სასტუმროს ფუნქციონალი ან ჯავშნები შეიზღუდოს სანქციებიდან ან კანონის მიღება/არმიღებიდან გამომდინარე. ეს არის სფერო, რომელიც დამოკიდებულია ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მარშრუტების კარგად ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ჩვენ და ტურისტული კომპანიები ვთავაზობთ“, - განაცხადა HSC Group Hospitality დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები