გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ვაჩნაძიანში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. Best Western Premier-ი ვაჩნაძიანში სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის შეჰყავს.
როგორც BMG-სთან HSC Group-ის დამფუძნებელი გიორგი დოლიძე აცხადებს, პროექტი ქართულ-უცხოური ინვესტიციით ხორციელდება.
მისივე ინფორმაციით, სასტუმროს პროექტი მოიცავს მაღალი კატეგორიის 51 ნომერს, აუზს, რესტორანს, ტერასებსა და საკონფერენციო სივრცეებს.
„ვფიქრობ, ეს კახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მეტი ტურისტის მოსაზიდად. ბრენდული ინფრასტრუქტურა ყოველთვის უწყობს ხელს რეგიონის პოპულარიზაციას და სტანდარტების ამაღლებას. გახსნის ზუსტ თარიღს ჯერჯერობით, ვერ ვაანონსებთ, თუმცა, ამ სეზონზე უნდა მოვასწროთ, აუცილებლად“ - ამბობს გიორგი დოლიძე BMG-სთან.
ინვესტიციის ზუსტი მოცულობა ჯერჯერობით, უცნობია.




























