მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს" - ბრიტანეთი საქართველოში ანტი ლგბტ კანონის მიღებით შეშფოთებულია

ბრიტანეთის საელჩო

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო პარლამენტის მიერ ანტი ლგბტ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთი წუხს, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი ვენეციის კომისიის რჩევის უგულებელყოფით მიიღო.

ის საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, საკანონმდებლო პაკეტს გადახედოს, ვინაიდან "რუსულ კანონთან" ერთად, ის ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს.

"დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო.

ეს საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. ამ საკანონმდებლო პაკეტს გავლენა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეზე.

ვწუხვართ, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიღებულ იქნა ვენეციის კომისიის რჩევის, რომ ის "სრულიად უნდა გადაიხედოს და მისი მიღება უნდა შეჩერდეს“ უგულებელყოფით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს",- აღნიშნულია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, დისკრიმინაციული და ჰომოფობიური, კანონპროექტი მესამე მოსმენით, 84 ხმით, დღეს მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები