მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ძლიერ სიცხეში მუშაობისთვის ბაიდენის ადმინისტრაცია ფედერალურ სტანდარტს დააწესებს

აშშ

ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის ისტორიაში პირველ ფედერალურ სტანდარტს შემოიღებს იმის შესახებ, თუ რა წესები უნდა დაიცვან დამსაქმებლებმა ექსტრემალური სიცხის პირობებში - ამის შესახებ CNN იტყობინება.

აშშ-ის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი დამსაქმებლებს ახალ მოთხოვნებს უწესებს, რომლის ფარგლებშიც კომპანიებმა მაღალ სიცხეში საკუთარი თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის რისკები უნდა დააიდენტიფიცირონ, კერძოდ, თუ რამდენად არსებობს სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკები. რისკის შეფასების შემდეგ კი დამსაქმებლებს მათი პრევენცია და თანამშრომელთა უსაფრთხოების დაცვა დაევალებათ.

კომპანიების მიერ გასატარებელ უსაფრთხოების ზომებს შორის გათვალისწინებულია თანამშრომლების უზრუნველყოფა წყლითა და გრილი მოსასვენებელი ოთახებით იმ შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობის დონე 80 გრადუს ფარენჰაიტს (26 C) გადააჭარბებს, 90 ფარენჰაიტის (32 C) შემთხვევაში კი დამსაქმებლებს უჩნდებათ ვალდებულება, 2-საათიანი სამუშაოს შემდეგ თანამშრომლებისთვის 15-წუთიანი, ანაზღაურებადი შესვენება გამოყონ.

აღსანიშნავია, რომ ახალი სტანდარტები გავრცელდება როგორც ღია ცის ქვეშ, ისე დახურულ შენობებში მომუშავე სამუშაო ძალისთვის.

ამერიკული მედია სააგენტოები აღნიშნავენ, რომ მუშათა კლასისთვის მსგავსი რეგულაციების შემუშავება დაგვიანებულია - 1992-2017 წლებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას ემსხვერპლა 815 ადამიანი, 70 000-ზე მეტი კი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რეგულაცია 35 მილიონი მუშაკის უფლებებს დაიცავს, თუმცა ძალაში ძალაში მინიმუმ 2026 წელს შევა, რაც, შესაძლოა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადას დაემთხვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები