მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ძლიერი გუნდი ხელმძღვანელობს ეკონომიკას, ესეც არის გარანტია, რომ გვექნება მაღალი ზრდა - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"არის გამორჩეულად ძლიერი გუნდი, რომელიც ხელმძღვანელობს ეკონომიკის მიმართულებას, ესეც არის გარანტია იმისა, რომ წელს გვექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა",- ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ეკონომიკის ფაქტობრივი ზრდა წელს პროგნოზირებულ 5%-ს ბევრად გადააჭარბებს.

"ძალიან ბევრი რამ შეიცვალა უშუალოდ ეკონომიკის მართვის კუთხით. მათ შორის ბევრი ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა სახელმწიფო საწარმოებში ენერგეტიკის, რკინიგზის მიმართულებით. ბუნებრივია, ეს თანდათანობით კიდევ უფრო მეტად აისახება ეკონომიკის განვითარებაზე. ჩვენ გვაქვს ძალიან ღია ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. წინასწარი პროგნოზით, დაახლოებით 5% უნდა ყოფილიყო წლის განმავლობაში ზრდა, თუმცა იცით, რომ ყოველ წელს გადაჭარბებით ვასრულებთ ხოლმე ჩვენს ეკონომიკურ პროგნოზს. შესაბამისად, აქაც იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ზრდა გვექნება ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე გათვალისწინებულია საბიუჯეტო პროგნოზით.

ჩვენ შარშან მოგვიწია კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება კორუფციული რისკების პრევენციის მიზნით. ამის ხარჯზე დაახლოებით 400 მილიონი ლარი ვერ დაიხარჯა გასულ წელს, თუმცა ეს 400 მილიონი გადმოდის მიმდინარე წელს. ესეც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას.

მთლიანობაში, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკიდან, ძლიერი გუნდიდან გამომდინარე, რომელიც გვყავს ეკონომიკის სფეროში, ვგულისხმობ ეკონომიკის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის მინისტრებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები