ვიდრე თეთრ სახლში ისტორიული სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, ტრამპი-ზელენსკის დახურული შეხვედრა დაიწყებოდა, ორი ქვეყნის ლიდერებმა პრესის წინაშე კომენტარები გააკეთეს.
ამერიკის პრეზიდენტის შემდეგ მედიას ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. მან შტატების ლიდერ მშვიდობის დამყარებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა რამდენჯერმე გადაუხადა.
ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა მელანია ტრამპის მიერ, პრეზიდენტ პუტინისთვის მიწერილი წერილის გამოც, რომელშიც ამერიკის პირველი ლედი რუსეთის ლიდერს ომით დაზარალებულ ბავშვებზე ზრუნვას სთხოვს. ამ შემთხვევაში ის იმ არასრულწლოვნებს გულისხმობდა, რომლებიც რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ სამხრეთ-უკრაინიდან გაიტაცა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს მეუღლის, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას სამადლობელი წერილიც გადასცა. მართალია, წერილის დეტალები უცნობია, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ადრესატი მელანია ტრამპია.
წერილის გადაცემის შემდეგ ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელმა ჰკითხა მას, იყო თუ არა მზად ომის დიპლომატიის გზით დასრულებისთვის, რაზეც უკრაინის ლიდერისგან დასტური მიიღო.
"უკრაინა მზად არის, რომ ომი დიპლომატიური გზების გამოყენებით დაასრულოს. ამისთვის სამივე მთავარი ლიდერის შეხვედრა აუცილებელია და მე ამას სრულიად მივესალმები." - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის ჰკითხეს, არის თუ არა მზად მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობისთვის, რასაც ქვეყნის ლიდერმა არ უპასუხა. ამის მაგივრად მან აქცენტი ტრამპზე გადაიტანა და ომის დასრულებაში ძალისხმევის გამოჩენისთვის პრეზიდენტს მადლობა კიდევ გადაუხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო დღეებში გაჟღერებულ, NATO-ს მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მოქმედება მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ ევროპულ ქვეყნებთან ერთად უკრაინას გარანტიებს ამერიკაც მისცემს.
"ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ მოკავშირე ქვეყნების მიერ მე-5 მუხლის მსგავსი დაცვის მექანიზმის შემოღება არ უნდა იყოს. ნამდვილი უსაფრთხოებისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა მივიღოთ, რაც შესაძლებელია. მოველით, რომ ომის დასრულების პარალელურად გაძლიერდება და გადაიარაღდება ჩვენი ჯარი. გაუმჯობესდება თანამშრომლობა სადაზვერვო ინფორმაციის მიმოცვლის კუთხით." - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეიარაღებაზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა NATO-ს გავლით ამერიკული იარაღის შეძენის საკითხიც ახსენა და ტრამპს ამ კუთხით ხელის შეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამის შემდეგ პრეზიდენტებმა ტრამპმა რამდენიმე შიდასახელმწიფოებრივ კითხვას უპასუხა და მედიას ოვალური კაბინეტის დატოვება სთხოვა.




























