ქართული ორნამენტებით შთაგონებული სახლის დეკორისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია “ძველი სუფრა“ წელს აჯამებს და იმ სიახლეების შესახებ საუბრობს, რომელიც 2024 წელს ჰქონდათ.
კომპანიის დამფუძნებელი, თეკლა ერქვანიძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ “ძველმა სუფრამ“ მომხმარებელს ახალი პროდუქცია შესთავაზა. კერძოდ, ასორტიმენტში ფაიფურის კოლექცია და მინის ჭურჭელი დაამატა.
ერქვანიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის მიუხედავად, საახალწლო პერიოდში გაყიდვები შედარებით დასტაბილურდა.
„ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ნოემბრის მეორე ნახევარი არის პიკური პერიოდი, „შავი პარასკევის“ გათვალისწინებით. 2024 წელს, ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა ირაკლი კობახიძის განცხადება და ამას მოჰყვა აქტიური პროტესტის პირველი დღეები. ამ პერიოდში არავის, მათ შორის არც ჩვენ არ გვეხალისებოდა „შოპინგი“, შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით, ძალიან დაბალი აქტივობა გვქონდა.
თუმცა წინასაახალწლო პერიოდში, გაყიდვები შედარებით დასტაბილურდა, რადგან ახალი წელია და ადამიანებს მაინც აქვთ სურვილი, რომ ერთმანეთს საჩუქრები აჩუქონ, თუმცა მომავალში, თუ ჩვენ ევროინტეგრაციის კურსს გადავუხვევთ, საფრთხეები იქნება.
რაც შეეხება სიახლეებს, 2024 წელს დაგვემატა ფაიფურის ჭურჭლის კოლექცია, რასაც ყველა ძალიან ელოდებოდა. ეს არის უმაღლესი ხარისხის ფაიფურის კოლექცია, ჩვენივე გაფორმებებით. გარდა ამისა, ნიშური ბაზრისთვის დავამატეთ უნიკალური, ინოვაციური პროდუქტი - მინის ჭურჭელი. ქართული დიზაინით გაფორმებული მინის ჭურჭელი ხელმისაწვდომია ჩვენს ყველა ფილიალში და ონლაინაც. ახალი პროექტების განხორციელება კრიზისული მოვლენების განვითარებამდე მოვასწარით. არ ვიცი, მომავალ წელს გავრისკავდით თუ არა“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
რაც შეეხება ტექსტილს, “ძველი სუფრა” ამ კუთხითაც არ გაჩერებულა და რამდენიმე ახალი დიზაინი დაამატა. სახლის დეკორისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი დასძენს, რომ ქართველ მომხმარებლებში ქართულ ნაწარმზე მოთხოვნა წლიდან წლამდე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ამასთან, პროდუქცია ძალიან მოთხოვნადია უცხოელი სტუმრებშიც, რომელთა წილიც ნებისმიერ სეზონზე 5%-ს შეადგენს, ხოლო სეზონზე მაჩვენებელი ცვალებადია.
„ვცდილობთ ჩვენი პროდუქტები არ იყოს თაროზე შემოსადები დეკორაცია", - აცხადებს მეწარმე.
ცნობისთვის, „ძველი სუფრა“ ბაზარზე ხუთი ფილიალითაა წარმოდგენილი - ოთხი თბილისში და ერთი - ბათუმში. აღსანიშნავია, რომ წელს აქცენტი სტანდარტების აწევასა და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე ჰქონდათ, რაც 2025 წელსაც გაგრძელდება. ანუ არც წელს და არც მომავალ წელს ახალი ფილიალის დამატება არ იგეგმება. გარდა ამისა, კომპანია ყველა მსხვილ ონლაინ ბაზარზეა წარმოდგენილი.
“ძველი სუფრა” ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს. კომპანიის მიერ წარმოებული სახლის აქსესუარების ფასი 45-დან 360 ლარამდე მერყეობს.