მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ძვირდება ჯანდაცვა და ცხადია, სისტემამ ამას ფეხი უნდა აუწყოს“ - ზაზა სოფრომაძე

ზაზა სოფრომაძე

„DRG-ში ყველაზე დიდი რისკი არის ის, რომ ზუსტად იყოს დათვლილი ტარიფები. მიესადაგებოდეს ზუსტად იმ გამოწვევებს, რაც არსებობს ქვეყანაში“,- ამის შესახებ რედაქტ2-თან ინტერვიუში „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ გენერალური დირექტორი ზაზა სოფრომაძე აცხადებს.

მისი შეფასებით, ძალიან მცირე დროა იმისათვის, რომ სისტემა იდეალურად გამართულად მუშაობდეს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მას ცოტა ნაადრევად ეჩვენებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, ფიქრობს, რომ ამ სისტემას გარკვეულწილად თავისი უპირატესობა აქვს და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია.

„თუ ჩვენ დავიწყეთ თვლა და თვლის პრინციპი იქიდან, რომ გვაქვს რაღაც გარკვეული რაოდენობის ფინანსური რესურსი და ეს უნდა მოვარგოთ შემდეგ სისტემას, ეს არის ძირშივე მცდარი მიდგომა, მაგრამ თუ ჩვენ სწორად გვაქვს დათვლილი და ვიცით, თუ რომელ ნოზოლოგიას, რომელ დაავადებას რა ფინანსური რესურსი უნდა მოვახმაროთ და აქედან ვთვლით უკვე საჭირო ფინანსურ რესურსებს, მაშინ ცხადია, უფრო სწრაფად მივალთ სასურველ შედეგამდე“,-აცხადებს სოფრომაძე.

კითხვაზე, რამდენად რეალურია ის ტარიფები, რაც დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ მაგალითად, ტრავმატოლოგიაში, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებს შეეხო, ის ასე გვპასუხობს:

„როცა სირთულეებს ვახსენებ, ამას ვგულისხმობდი პირველ რიგში, მაღალტექნოლოგიურ პროცესებს და მაღალტექნოლოგიურ მკურნალობის მეთოდებს.  DRG -ის ტარიფებიც დათვლა მოხდა გარკვეული ისტორიული მონაცემების საფუძველზე, აღებულ იქნა წინა წლების ისტორია, ამა თუ იმ ნოზოლოგიაზე დახარჯული რესურსები, გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო გამოცდილებაც, მაგრამ ჯანდაცვის სისტემა, ისევე როგორც სხვა ვითარდება და რაც გუშინ იყო, დღეს არ არის საკმარისი. ტექნოლოგიები ვითარდება, შესაბამისად ძვირდება ჯანდაცვა და ცხადია, სისტემამ ამას ფეხი უნდა აუწყოს.

გარკვეული ცდომილება კერძო სექტორის აზრით ამ ტარიფებში იყო, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრომ მთელ რიგ საკითხებში გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები. ძალიან კარგია, რომ ცდილობს სამინისტრო ეს დიალოგი დაამყაროს კერძო კლინიკებთან, ნაწილ შემთხვევებში ითვალისწინებს, ნაწილში ითხოვს მეტ არგუმენტაციას. ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება“.

ზაზა სოფრომაძე აღნიშნავს, რომ ამ პროცესის წარმართვისათვის მნიშვნელოვანია კლინიკამ დროულად მიიღოს შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება.

„რაც მე ვარ ამ სისტემაში მუდამ არის ეს პრეტენზიები, რომ იგვიანებს ჩარიცხვები. ჩემი საჯარო სექტორში მუშაობის დროსაც იყო ეს პრობლემები, თუმცა ვცდილობდით დროულად მოგვეგვარებინა. წელსაც, წლის დასაწყისში, გაზაფხულზე გარკვეული პრობლემები შეიქმნა დაფინანსების კუთხით, თუმცა ახლა არის დაახლოებით 3-4-თვიანი ჩამორჩენა, თუმცა ამას ჩამორჩენას ვერ დავარქმევ, რადგან შესრულებულ სამუშაოს როცა წარადგენს კლინიკა მას სჭირდება გარკვეული პერიოდი შესრულებული სამუშაოს დასამუშავებლად, კორექტივების შესატანად, შემდეგ დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ესეც ბუნებრივი პროცესია“,-აცხადებს სოფრომაძე.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკები DRG დაფინანსების სისტემაზე სატესტო რეჟიმში 2022 წლის 1 იანვრიდან, სრულყოფილად კი 2023 წლის 1 იანვრიდან გადავიდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები