2023 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ქირურგიისა და რეანიმაციის ახალი სტანდარტები. რეგულაცია აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ასევე სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით.
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ გენერალური დირექტორი რედაქტ2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ კლინიკების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მოთხოვნილი რეგულაცია დადგენილ ვადებში ვერ დააკმაყოფილა, თუმცა ამ ეტაპზე სამედიცინო სერვისების მიწოდებასაც არ შექმნია საფრთხე.
„კერძო სექტორი მცირე შენიშვნები გაითვალისწინა სამინისტრომ და შემხვედრი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ არ აღმოჩნდა ეს საკმარისი. კლინიკების სერიოზული ნაწილი აღმოჩნდა ამ დილემის წინაშე, ვერ მოასწრო ამ რეგულაციის დაკმაყოფილება. ეს ეხება ფართს, ინფრასტრუქტურას, აღჭურვილობას, გარკვეული ჯგუფის პაციენტების იზოლირებას. ესეც საერთაშორისო პრაქტიკიდან არის აღებული, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით, კარგი იქნებოდა ცოტა დრო მიცემოდათ, თუმცა არის ზოგიერთი კლინიკა, რაც არ უნდა დრო მისცე, რადგან ბევრი წლის წინ იყო აშენებული, ელემენტარულად ვერ მოასწრებენ მთლიანად გადაწყობას.
ჩვენ ჩიხში აღმოვჩნდებით მაშინ, როცა სამედიცინო სერვისების მიწოდებას საფრთხე შეექმნება. ჯერჯერობით ეს ბაზარზე არ ჩანს. ესეც ცალსახად უნდა ვთქვათ. არცერთი სტრატეგიული მიმართულება არ არსებობს დღევანდელ ქართულ მედიცინაში, რომელიც დაიკეტა, დაიხურა. გინდოდეს რაღაცის მიღება და ვერ მიიღო, ასეთი არ არსებობს. ამიტომ ამ მხრივ ჯერჯერობით პრობლემები არ იკვეთება“-აცხადებს ზაზა სოფრომაძე.
ჯანდაცვის ასოციაციის ინფორმაციით, რეანიმაციისა და ქირურგიის ახალი სტანდარტების ძალაში შესვლის შემდეგ კლინიკებში საწოლფონდი 10-20%-ით შემცირდა.