"კონკრეტული ზომები რა თქმა უნდა, წევრი ქვეყნების ხელშია, თუმცა ნოემბერში ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმს, რაც დამატებითი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს", - ასე უპასუხა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ჟურნალისტის კითხვას თუ განიხილავს ევროკავშირი გარკვეულ ზომებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.
"საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მაქვს, რადგან საქართველოს მთავრობა მათ ეუბნება, რომ ისინი ევროკავშირში მიჰყავს. ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ თქვენი ხალხი ევროკავშირში არ მიგყავთ, არამედ აშორებთ მათ. თუ სერიოზულად ფიქრობთ ევროკავშირზე, მაშინ მოუსმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ციხეში ჩასმა. ამის შემდეგ შევძლებთ საუბარს", - განაცხადა კოსმა.




























