მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

E60 Shipping Line სამგზავრო გადაყვანებს სრულყოფილად აგვისტოში დაიწყებს - რატომ ვერ მუშაობს სერვისი?

64b557d503c2c
ვიქტორია მღებრიშვილი
17.07.23 19:25
814
საქართველოდან რუმინეთის მიმართულებით და პირიქით საბორნე გადაზიდვების შემსრულებელი ქართული კომპანია E60 Shipping Line სამგზავრო გადაყვანებს სრულყოფილად აგვისტოში დაიწყებს. ამის შესახებ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა შალვა წაქაძემ bm.ge-ს განუცხადა.

საქმე ის არის, რომ ფოთი-კონსტანცას მიმართულებით საბორნე მიმოსვლა 27 ივნისს დაიწყო და როგორც კომპანიას განცხადებული ჰქონდა, სატვირთო გადაზიდვებთან ერთად, კომპანია Vilnius დაინტერესებულ პირებს სამგზავრო გადაყვანებსაც სთავაზობდა. სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების ღირებულება კომპანიის ვებგვერდზეცაა გამოქვეყნებული. თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოთხოვნის შემდეგ კონსტანცადან ფოთის მიმართულებით გადმოყვანაზე კომპანიაში უარი უთხრეს. BM.GE-მ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით E60 Shipping Line-ს ცხელ ხაზზე დარეკა, სადაც დაუდასტურეს, რომ ამ დროისთვის სამგზავრო გადაყვანებს არ ახორციელებენ. ხოლო, რატომ ვერ ხერხდება ამ სერვისის შეთავაზება და როდიდან შეიძლება მომხმარებელმა ამ საბორნე გადაყვანით ისარგებლოს, ვერ პასუხობენ.

ვითარებაში გასარკვევად BM.GE-მ E60 Shipping Line-ის მმართველ პარტნიორს შალვა წაქაძეს მიმართა.

„საბორნე გზით მგზავრების გადაყვანა ჯერჯერობით კონსტანცაში ინფრასტრუქტურის გამო ვერ ხერხდება, რომელიც ამ ეტაპზე მომზადების პროცესშია. გამონაკლისის სახით რამდენიმე შემთხვევა დავუშვით, რა დროსაც ავტომობილის ტრანსპორტირება მის მფლობელს მეუღლესთან მოგზაურობის გამო უნდოდა. ამ გამონაკლისებსაც ჩვენ რუმინეთის სასაზღვრო პოლიციასთან ვათანხმებთ ინდივიდუალურად. გამონაკლისი შემთხვევები, ფაქტობრივად, სატესტო რეჟიმში მუშაობას გულისხმობს. ამ თვის ბოლოდან ან აგვისტოს პირველი კვირიდან ეს საკითხიც მოგვარდება და სამგზავრო გადაყვანებიც სრულყოფილად ჩაეშვება“, - განაცხადა შალვა წაქაძემ.

E60 Shipping Line-ის მმართველი პარტნიორის თქმით, ივნისის ბოლოდან ამოქმედებული საბორნე ხაზის დატვირთვა მოლოდინს აჭარბებს.

„სრული დატვირთვით არ ვმუშაობთ, კონსტანცაში მესამე შესვლა გვაქვს და ამ რეისებს ნახევრად დატვირთული გემით ვახორციელებთ, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე სიხშირეების გაზრდა, ალბათ, სექტემბრიდან უფრო მოსალოდნელია, რადგან აგვისტო ეკონომიკური აქტივობის მხრივ უფრო მშვიდი პერიოდია“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები