მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Eagle Hills-ი 2025 წლის IV კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10-ეულში მოხვდა

Eagle Hills

2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 392 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წლიურად 2.2%-ით არის შემცირებული.

BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებშიც გასული წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო.

საქსტატის თანახმად, ამ კომპანიების ათეულში შედის კომპანია "იგლ ჰილს საქართველოც", რომელიც უმსხვილესი ინვესტორების რეიტინგში პირველად მოხვდა. ამასთან, იმის შესახებ ინფორმაცია თუ რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო ამ კომპანიაში კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა ცნობილია, რომ საქსტატი "იგლ ჰილსში" ჩადებულ ინვესტიციებს აღრიცხავს როგორც მშენებლობის სექტორში განხორციელებულ ინვესტიციას, ხოლო სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის IV კვარტალში მშენებლობის სექტორში შემომავალი საინვესტიციო ნაკადები 33 მილიონ დოლარს შეადგენდა.

2025 წლის მეოთხე კვარტალში იმ კომპანიების ათეული, სადაც ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო (კომპანიები რიგითობის მიხედვით არაა დალაგებული):

  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია – საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – მალტა
  • შპს ტავ ურბან საქართველო – ტრანსპორტი და დასაწყობება – გაერთიანებული სამეფო / თურქეთი
  • შპს ქართული ცემენტი – დამამუშავებელი მრეწველობა – ნიდერლანდები
  • სს საქართველოს კაპიტალი – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – გაერთიანებული სამეფო
  • შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – მალტა
  • შპს იგლ ჰილს საქართველო – მშენებლობა – არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია – უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – აშშ
  • სს ბიჯეო ჯგუფი – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – გაერთიანებული სამეფო
  • სს თენმარ კაპიტალ – საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – არაბთა გაერთიანებული საამიროები
  • შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი – ტრანსპორტი და დასაწყობება – აზერბაიჯანი.

არსებული მდგომარეობით, "იგლ ჰილს" უძრავი ქონების განვითარების დეტალური არქიტექტურული პროექტი შესაბამისი სამსახურებისთვის გრგ და სამშენებლო ნებართვების მოსაპოვებლად არ წარუდგენია. ასევე არ მომხდარა კომპანიისთვის შესაბამისი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემაც, რაც გრგ და სამშენებლო ნებართვის მოპოვების შემდეგ იგეგმება. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით კომპანიაში ჩადებული FDI სავარაუდოდ კომპანიის სააქციო კაპიტალის შევსებას და წინამოსამზადებელი საპროექტო სამუშაოების დაფინანსებას ემსახურებოდა. მთავრობის მოლოდინით, შესაბამისი პროექტები 2026 წლის ზაფხულამდე მომზადდება და მთავრობას მიწის გადაცემა, ხოლო ინვესტორს კი სამშენებლო სამუშაოების დაწყება შეეძლება.

Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტი ასე ნაწილდება:

  • თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (590 ჰექტარი):
    კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები.
  • გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი):
    პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მოლოდინია, რომ 2026 წელს საპროექტო სამუშაოები დასრულდება.

ცნობისთვის, FDI-ს სტატისტიკაში შედიან კომპანიები, რომლებსაც ჰყავს უცხოელი აქციონერები და რომლებშიც საანგარიშო პერიოდში განხორციელდა - სააქციო კაპიტალის შენატანები; სავალო ოპერაციები დამფუძნებელ მხარესთან ან რეინვესტიციები. ამასთან, საქსტატი უმსხვილესი ინვესტორების რეიტინგს რიგითობის მიხედვით არ ასაჯაროებს, ასევე არ უთითებს თუ რამდენი მილიონი დოლარი ჩაიდო კონკრეტულ კომპანიაში FDI-ს სახით. შესაბამისად, საქსტატის მიერ მოწოდებული რეიტინგში შედის ის 10 კომპანია, რომლებშიც 2025 წლის IV კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები