“საქართველო, რომელიც ცდილობდა, ყოფილიყო „თეთრი“, გამჭვირვალე იურისდიქცია და სუფთა ფული მოეზიდა, დღეს გადაქცეულია შავი და ნაცრისფერი პროცესების კორიდორად... [„იგლ ჰილსის“] $6.6-მილიარდიანი პროექტიც ნაცრისფერი ინვესტიციაა”, - ანალიტიკოსმა, კაპიტალის ბაზრის ექსპერტმა მარინა გულედანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში $6.6-მილიარდიანი პროექტის ირგვლივ არსებულ კითხვებსა და რისკებზე ისაუბრა.
მარინა გულედანმა Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი რისკი გამოყო. მისი თქმით, პროექტის ზომა აბსოლუტურად არაადეკვატურია ქვეყნის ეკონომიკისთვის, რაც ზრდის როგორც ბაზრის მიერ მისი გაწოვის, ისე ფინანსური დისბალანსის საფრთხეებს. ანალიტიკოსი ასახელებს გარემოსდაცვით და სოციალურ რისკებს და ასევე, მიუთითებს „იგლს ჰილსის“ მესაკუთრეების გაუმჭვირვალე სტრუქტურასა და შესაძლო პოლიტიკურ ინტერესებზე, რაც პროექტის „ნაცრისფერი ინვესტიციის“ კატეგორიაში მოქცევის საფუძველს იძლევა.
„წერტილთან“ ინტერვიუში მარინა გულედანმა გაგვიზიარა თავისი მოსაზრება, რატომ მოხვდა Fitch-ის ანგარიშში Eagle Hills-ის პროექტი. მისი ვარაუდით, ეს პოლიტიკური ასოცირების შედეგია ანუ ის ფაქტი, რომ პროექტი დაკავშირებულია მოქმედ ხელისუფლებასთან და მის ინტერესებთან.
საქმე ის არის საქართველოს ეკონომიკის შესახებ Fitch-ის ბოლო ანგარიშში სარეიტინგო სააგენტო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პერსპექტივის გაუმჯობესებას ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში წინა წელთან შედარებით FDI 15.5%-ით შემცირდა. როგორც მიმოხილვიდან ჩანს, ინვესტიციების ნაწილში სარეიტინგო სააგენტო დადებითი პროგნოზი „იგლ ჰილსის“ საინვესტიციო პროექტს ეფუძნება. "2025 წლის სექტემბერში, ეკონომიკის სამინისტრომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულ ინვესტორთან ერთად უძრავი ქონების განვითარების მსხვილი პროექტი გააფორმა, რომელიც 2026-2029 წლებში 6.5 მილიარდი აშშ დოლარის (2025 წლის მშპ-ს 17.2%) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს. Fitch-ი ამ ინვესტიციებს თავის წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროგნოზებში ითვალისწინებს და ვარაუდობს, რომ 2026-2027 წლებში ის საშუალოდ მშპ-ის 3.9%-ს შეადგენს, თუმცა ეს მაინც პანდემიამდელ 10-წლიან საშუალო მაჩვენებელზე, 7%-ზე დაბალი იქნება",- აღნიშნავს Fitch-ი.
- Fitch-ის მიმოხილვაში საუბარია „იგლ ჰილსის“ პროექტზე, მაგრამ არაა ნახსენები მაგალითად, ანაკლიის პორტის სტრატეგიული პროექტი. როგორ ფიქრობთ, რატომ?
- კარგია, რომ ეს კითხვა რომ დამისვით; ანაკლიის პროექტს, მას მერე, რაც „ქართული ოცნება“ გახდა მმართველი პარტია, ფაქტობრივად, ხელისუფლების მხარდაჭერა არ ჰქონდა. ზუსტად ის ფაქტი, რომ Eagle Hills-ის პროექტი ასოცირდება დე ფაქტო ხელისუფლებასთან, იმას უსვამს ხაზს, რომ ეს არის ჯგუფი, რომელიც კომფორტულად და პოლიტიკური რისკისგან დაცულად გრძნობს თავს მხოლოდ არსებულ რეჟიმთან. ზუსტად ამიტომ, Fitch-ისთვის ეს, როგორც რეალური მოცემულობა, არის საყურადღებო. ერთია - იდეალი რა არის და მეორეა - რეალურად რა ხდება ქვეყანაში. გასაგებია, რომ დემოკრატია არ არის ამ ქვეყანაში, მაგრამ ჭამაც გვინდა, სმაც გვინდა, ტრანსპორტიც გვინდა, დასვენებაც და ასე შემდეგ. უამრავი ქვეყანა არის, რომელიც ჩვენზე ბევრად უფრო ცუდ დღეშია, მაგრამ ხალხი იქ არსებობს. საუბარია იმაზე, თვისობრივად რა ტიპის ქვეყანას ვაშენებდით 30 წელი და ახლა სად მივდივართ - ამიტომ ვახსენე ტერმინი „ნაცრისფერი იურისდიქცია“. ჩემთვის ეს ქვეყანა, რომელიც ცდილობდა, ყოფილიყო „თეთრი“, გამჭვირვალე იურისდიქცია და სუფთა ფული მოეზიდა, დღეს არის გადაქცეული შავი და ნაცრისფერი პროცესების კორიდორად - ეს ჩემთვის ძალიან ცალსახაა.
- Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტი თქვენთვის რა ფერის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა?
- ესეც ნაცრისფერი არის; რა მხრივ იცით?! საიდან დავიწყო არ ვიცი, უამრავი თემაა - ჯერ ზომას შევხედოთ, რომელიც არის აბსოლუტურად არაადეკვატური ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ერთ-ერთი რისკი, რომელიც შეიძლება აღვნიშნოთ ამ პროექტთან მიმართებით. [ინვესტიციების] გაწოვის რისკიც არის; მყიდველების კომპოზიციაში ვინ იქნებიან და საქართველოს მოსახლეობა რამდენად [იქნება მყიდველებს შორის] - ეს რისკიც არის; გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების კუთხით რა მოხდება და რამდენად კარგად ჩაივლის ეს პროცესები - ესეც არ ვიცით. ვიცით მარტო ის, რომ ამ დარგში ჩვენი კანონმდებლობა და პრაქტიკა კარგად არ მუშაობს... მთლიანობაში, უამრავი კითხვა და რისკი ახლავს პროექტს - რაღაც ნაწილზე რეაგირებს ჩვენი მოსახლეობა, ცოტა ფობიურად, მე ვიტყოდი; რაღაცებზე - ვერ რეაგირებს, რადგან ცოდნა არ აქვს.
- ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რისკია, რა ვალდებულებები აიღო სახელმწიფომ ინვესტორის წინაშე - მართალია, „ქართული ოცნების“ მთავრობა ამტკიცებს, რომ ვალდებულებებს არ იღებენ, მაგრამ რადგან კონტრაქტის შინაარსი კომერციული საიდუმლოებაა, ბევრი კითხვა რჩება...
- ეს ყველაზე დიდი შავი ხვრელია, რადგან სინამდვილეში არ ვიცით, მესაკუთრეთა როგორი სტრუქტურა იქნება შპს „იგლს ჰილს საქართველოში“; არ ვიცით, საბოლოო ჯამში, ვინ რისი მესაკუთრეა და როგორ. ეჭვი მაქვს, იქ ისეთი ინტერესები მონაწილეობს, რომლებიც მაინც და მაინც აბუ-დაბიდან არ არის... ვინაიდან პროექტში სახელმწიფო მონაწილეობს 33%-ით, ჩემთვის ეჭვს იწვევს ამ რეჟიმის მხარდაჭერა. ე.ი. რაღაც ინტერესი მეორე მხარესაც არსებობს ისეთი, რომ შენ კომფორტულად ხარ, რომ ეს შემოიყვანო, ხომ?! როდესაც ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, კარგი, დღეს არის „ოცნება“ ხელისუფლებაში დე ფაქტო, მაგრამ ხუთი და ათი წლის მერე შეიძლება არ იყოს, ხომ?! რაღაც დაცულობა ხომ უნდა ჰქონდეს?! სიმართლე რომ გითხრათ, რაღაც სხვა ეჭვებიც გამიჩნდა, რადგან პრაქტიკაში ამ მასშტაბის პროექტს - საუბარია 850 ჰა-ზე, როგორც წესი, მოჰყვება საკმაოდ სპეციალიზებული კანონები, რომლებიც გარკვეულ შეღავათიან რეჟიმებს ითვალისწინებენ და ეჭვი გამიჩნდა, რომ საგადასახადო შეღავათებზე ბევრად უფრო მეტზე შეიძლება იყოს საუბარი.
- „ქართული ოცნების“ მთავრობაში „იგლ ჰილსისთვის“ საგადასახადო შეღავათების მიცემას გამორიცხავენ. უშუალოდ კონტრაქტში რა წერია, სამწუხაროდ, არ ვიცით...
- თუ გადავხედავთ Eagle Hills-ის პრაქტიკას და სხვა შესრულებულ პროექტებს, ყველგან არის ეს პრობლემატიკა - პროექტი ზოგან გაჩერდა იმიტომ, რომ მოსახლეობამ არ მიიღო და დაიბლოკა, ხოლო სადაც არ შეწყდა, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო აღმოჩნდა წაგებული, ზუსტად ფისკალური თვალსაზრისით, ვინაიდან გაუმჭვირვალე ხელშეკრულებებში ისეთი პუნქტები იყო ჩადებული, რომელთა ფონზე, სახელმწიფოსთვის, როგორც მეწილისთვის, პროექტი ეკონომიკურად მოგებიანი არ იყო. რა თქმა უნდა, ბრიტანეთიდან ან საფრანგეთიდან რომ იყოს ინვესტორი, თვითონ მას სხვა სტანდარტები ექნებოდა. „იგლ ჰილსი“ არის კერძო კომპანია [არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან] და რა ტიპის არაფორმალური ურთიერთობები აქვს ბიძინა ივანიშვილს [მასთან, არ ვიცით].




























