მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა გავიგეთ ახალი Eagle Hills-ის პროექტის შესახებ ირაკლი კობახიძის გამოსვლიდან

იგლ

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში დასმულ კითხვებს გასცა პასუხი. კითხვები "ქართული ოცნების" და პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრების მიერ იყო დასმული.

გარდა იმისა, რაც უკვე საჯაროდ იყო ცნობილი - რომ პროექტი თბილისსა და გონიოში 590 და 260 ჰექტარის მიწის ფართობზე აშენდება და ის მაღალი კლასის ახალ საცხოვრებელ ფართებს, სასტუმროებს, სავაჭრო ობიექტებს, იახტ-კლუბს და მრავალ მწვანე ზონას მოიცავს. ინვესტორს საქართველოში არსებული კომპანიის 66.66%, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს კი 33.33% ექნება, ისიც რომ პროექტის საინვესტიციო მოცულობა 6.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მის განხორციელებას 10 წელი დასჭირდება და სახელმწიფო დივიდენდის სახით ამ პროექტიდან ჯამში 2 მილიარდი ლარის მიღებას მოელის. პროექტის ფარგლებში 16,000 საცხოვრებელი ბინა აშენდება. ამასთან, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ პროექტში სახელმწიფოს თანამონაწილეობა პროექტის კრედიტებში მონაწილეობას არ ნიშნავს და რომ სახელმწიფო ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებს და არც Eagle Hills-ის მიერ აღებული სესხების გარანტორი არ იქნება.

დღევანდელ ინტერპელაციაზე პროექტთან დაკავშირებით არაერთი დამატებითი გარემოება გახდა ცნობილი. მათ შორის ისიც, რომ საინვესტიციო შეთანხმებაში, რომელიც კომერციული საიდუმლოების სტატუსს ატარებს, განსაზღვრულია დავების გადაწყვეტის პუნქტი. იმ შემთხვევაში თუ მხარეთა შორის დავა დაიწყება, მისი გადაწყვეტის იურისდიქციად შვეიცარიის, კერძოდ კი ციურიხის საარბიტრაჟო პალატა არის განსაზღვრული.

ასევე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო პროექტიდან ყოველწლიურად გადასახედების სახით 500 მილიონი ლარის შემოსავლის მიღებას ელოდება, ასევე ისიც, რომ პროექტის განხორციელების ფაზაში ქართული სამშენებლო კომპანიები იქნებიან ჩართული და ისინი ჯამში 24,000 ადამიანს დაასაქმებენ.

პროექტის მოგება 6 მილიარდ ლარზე არის პროგნოზირებული, საიდანაც 2 მილიარდის დივიდენდს სახელმწიფო მიიღებს

„ჩვენს ოპონენტებს უჭირთ მათემატიკა, როგორც საარჩევნო, ისე საინვესტიციო. ჩვენ ვთქვით, რომ სახელმწიფოს დივიდენდი ამ პროექტიდან, ჯამში, იქნება დაახლოებით 2 მლრდ ლარი. შესაბამისად, რადგან ჩვენია პროექტის 1/3 და იგლ ჰილსის 2/3, "იგლ ჰილსის" დივიდენდი იქნება დაახლოებით 4 მლრდ ლარი, რაც არის 1.5 მლრდ დოლარი. ანუ "იგლს ჰილსი" ამ პროექტში დებს 6.6 მლრდ დოლარს და ელოდება 1.5 მლრდ დოლარის წმინდა მოგებას. ინვესტიციიდან ამონაგები არის დაახლოებით 23%. თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ ასეთი ტიპის დეველოპერული პროექტისთვის ოპტიმალურ ამონაგებად 25%-მდე მიიჩნევა. ანუ 25%-მდე თუ გაქვს ამონაგებად, ითვლება, რომ ეს არის კარგი მოგება. ამ შემთხვევაში ახლოს არის მაქსიმალურ ზღვართან კომპანია „იგლ ჰილსის“ მოგება - 23%.

„იგლ ჰილსს“ დათვლებს უწუნებენ და ამბობენ, რომ ეს არის ცოტა. თუმცა შეუძლიათ გადაამოწმონ სხვადასხვა წყაროებში, არის თუ არა 23% ცოტა. ეს არის ოპტიმალურ ზღვართან ახლოს არსებული ამონაგები, რასაც მიიღებს კომპანია", - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე, კომპანია ეტაპობრივად ამოიღებს ამ ინვესტიციას.

საინვესტიციო დავებს მათი წარმოშობის შემთხვევაში ციურიხის საარბიტრაჟო პალატა განიხილავს

"რაც შეეხება დავების განხილვის საკითხს, ბრიტანული სამართლის ქვეშ არის. რა თქმა უნდა თვითონ პროექტი ხორციელდება ქართული კანონმდებლობის ქვეშ საქართველოში. ანუ შესაბამისი დეველოპერული პროექტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ წარმოიშვა დავა ორ მხარეს შორის, ანუ სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის ამ შემთხვევაში მოქმედებს ბრიტანული სამართალი და ესეც არის საერთაშორისო პრაქტიკა და ციურიხის არბიტრაჟი განიხილავს შესაძლო ნებისმიერ დავას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროექტს ქართული სამშენებლო კომპანიები ააშენებენ

"Eagle Hills-ის პროექტის განხორციელების ეტაპზე შეიქმნება 24 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი და პროექტის დასრულების შემდეგ, შეიქმნება 8 ათასზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი.

ისინი ოპერირებენ ადგილობრივი კომპანიების მეშვეობით და ისინი გეგმავენ დააკონტრაქტონ სწორედ ქართული კომპანიები და შესაბამისად, ქართული კომპანიები მაქსიმალურად დაასაქმებენ საქართველოს მოქალაქეებს პროექტების განხორციელების დროს. ეს პრაქტიკა თავის წვლილს შეიტანს ბიზნესსექტორის განვითარებაში საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რატომ არის პროექტზე გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმება კომერციული საიდუმლოება

"ეს არის კონკრეტული კომპანიის ინტერესი, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან და ეს არის მიღებული პრაქტიკა. ეს პრაქტიკა არის საქართველოშიც და ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას. გასული 10 წლის განმავლობაში კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის სფეროში გაფორმებულ 1552 ხელშეკრულებას. მათ შორისაა ანაკლიის პორტის ცნობილი ხელშეკრულება და სწორედ ის პირები, რომლებიც ითხოვდნენ ანაკლიის პორტის ხელშეკრულების გასაიდუმლოებას, დღეს იწუნებენ რომ არაა გასაჯაროებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

ჯანდაცვის სფეროშიც კომერციული ხელშეკრულებების გაფორმებული იყო კომერციული საიდუმლოების სტატუსით, მაგალითად კოვიდის დროს მედიკამენტებზე გაფორმებული 10 ხელშეკრულება იყო საიდუმლო სტატუსის. იგივე ფაიზერთან, სინოვაკთან თუ სხვებთან კონტრაქტები იყო საიდუმლოება. ეს არის მიღებული პრაქტიკა. და ესაა კომპანიის კომერციული ინტერესი.

ამასთან გასაიდუმლოებულია მხოლოდ ნაწილი ამ ხელშეკრულების და ყველა ძირითადი ნაწილი ჩვენ საზოგადოებას უკვე გავაცანით,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით პროექტთან დაკავშირებით მცირე დეტალების გარდა ფაქტობრივად ყველაფერი უკვე საჯაროდ არის ცნობილი.

არაბული კომპანია Eagle Hills საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით ორ მასშტაბურ პროექტს გეგმავს:

  • თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (590 ჰექტარი):
    კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები.
  • გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი):
    პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას.

"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელი არის იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ასევე UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ის, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე არის მილიარდერი მოჰამედ ალაბარი. კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს ეგვიპტის მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი იკავებს.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები